ეკონომიკა
118 500 მომხმარებელს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ასეთი 118 500 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8% შეადგინა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6 185.408 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 

„1-ლი ივნისიდან 1-ელ ივლისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 2 000-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6 058.88 მილიონიდან 6 185.40 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 118 500 ხელშეკრულებიდან 34 000 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 845.4 მილიონი ლარი. რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. 35 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ივლისის მონაცემებით, 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, 1-ლი ივლისის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სალომბარდე სესხზე, ხოლო ყველაზე დაბალი - იპოთეკურ სესხებზეა.
| Print |