ეკონომიკა
როგორ ხსნიან ლარის გაუფასურებას ეროვნულ ბანკში?
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ლარის ბოლოდროინდელ გაუფასურებას სავალუტო ბაზარზე „წინასაარჩევნო დაძაბულობით“ ხსნის და აცხადებს, რომ მსგავსი დაძაბულობა დროებითია და ინფლაციაზე არ აისახება.

„აშშ დოლართან მიმართებაში ლარი დაახლოებით 2%-ით არის გაუფასურებული. ზოგადად, მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც წესი სავალუტო ბაზარზე არის დროებითი დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას ინფლაციასთან დაკავშირებით რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება. მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მანდატი ინფლაციაა“,-აცხადებს კობა გვენეტაძე.

რაც შეეხება ინფლაციას, კობა გვენეტაძის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წელს ინფლაცია შემცირებას გააგრძელებს და სებ-ის მიზნობრივ, 3%-იან მაჩვენებელს ჩამოსცდება.

„საკმარისი ინსტრუმენტები გვაქვს, რომ ფასების სტაბილურობა უზრუნველვყოთ“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1546 ლარი გახდა.  რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7521 ლარია.
| Print |