ეკონომიკა
ივანიშვილის ნაჩუქარმა „ბლექ სი არენამ“ ბიუჯეტიდან 3.5 მლნ სუბსიდია მიიღო
2020 წლის განმავლობაში Black Sea Arena-მ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით 3,518,000 ლარი მიიღო - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს სახელმწიფოს დარბაზის შესანახად 9.5 მილიონიანი სუბსიდიის ჩარიცხვაც დასჭირდა.

3.5-მილიონიანი სუბსიდიის მიუხედავად, წელს დარბაზში ღონისძიებები არ ჩატარდება და ისინი 2021 წლისთვის გადაიწევს. საუბარია Nile Rodgers & CHIC-ის კონცერტის, ასევე ჯგუფ One Republic-ის კონცერტის გადადებაზე.

„ბლექ სი არენას“ გარდა 2020 წელს სუბსიდია კიდევ 5 საწარმომ მიიღო. კერძოდ, ესენია: შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; შპს ადამ ბერიძის სახ. ნიად. და სურს. დიაგნ ცენტრი ანასეული; შპს საქართველოს მელიორაცია; შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია და შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.

რაც შეეხება „ბლექსის“, შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი. დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

2019 წლის მარტში Black Sea Arena სამართავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.
| Print |