ეკონომიკა
„ყიდულობენ ბევრს, რომ მერე ძვირად გაყიდონ“ - მეხორბლეთა ასოციაცია
საქართველოში ფქვილზე მოთხოვნა გაიზარდა. წისქვილკომბინატებთან უკვე რიგებიცაა, რასაც მეხორბლეთა ასოციაციაც ადასტურებს. როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მოთხოვნა სპეკულაციურია მათი მხრიდან, ვინც ახლა აკეთებს მარაგს, რომ შემდეგ უფრო ძვირად გადაყიდოს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ არცერთ პურის ქარხანას და პურის საცხობს, რომლებიც ბაზრის 80%-ს აკმაყოფილებენ პურით, მიწოდების პრობლემა არ აქვთ.

,,ფქვილზე, მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია. ეს არის სპეკულაციური მომენტი. რაც შეეხება რიგებს და აჟიოტაჟურ მოთხოვნას, ვადასტურებ, რომ ეს ასეა. რიგები გამოიწვია კომპანიების ნაწილის მხრიდან, დიდი მარაგების გაკეთების სურვილმა და სპეკულაციურმა აჟიოტაჟმა. ისინი ასაწყობებენ და გადააქვთ ფქვილის დიდი რაოდენობა, რათა შეიქმნას განწყობა, რომ ფქვილი არ არის ბაზარზე და თავად, მომარაგებული პროდუქტი შემდეგ გაყიდონ ძვირად. ანუ ყიდულობენ ბევრს, რომ მერე გაყიდონ ძვირად. ეს ასე მოხდა, პირველი ტალღის დროსაც. ახლა კი ზოგიერთი კომპანია, ცდილობს, მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდით ისარგებლოს.

შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, არცერთი პურის ქარხანა და პურის საცხობი, რომლებიც ბაზრის 80%-ს აკმაყოფილებენ პურით, არ არიან დარჩენილი მიწოდების გარეშე. რიგში დგანან ის კომპანიები, საცხობები და საწყობები, ასევე დისტრიბუტორები, რომლებიც შემდეგ ფქვილს გადაყიდიან.

კომპანიებს, რომლებიც ადრე მოდიოდნენ თვეში ორჯერ და ახლა, მოდიან თვეში ათჯერ, ჩვენ ვუთხარით, რომ ჩადგნენ რიგში. ისინიც არ დარჩებიან ფქვილის გარეშე, მაგრამ პირველ რიგში მიწოდება მოხდება მათზე, ვინც ბაზარს პურით ამარაგებს“
-აცხადებს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

ლევან სილაგავას თქმით, დღეს ბაზარზე ფქვილის ფასი სტაბილურია, იმ შემთხვევაში კი, თუ პურის ფასის ზრდა მოხდება, მთავრობა აამოქმედებს სუბსიდირების მექანიზმს.

,,ჩვენ გვაქვს მარაგები და გარდამავალი მარაგებიც. კომუნიკაცია გვაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომლებიც აანონსებენ, რომ თუ საჭირო გახდა, მოხდება მასობრივი წარმოების პურის სუბსიდირება. დღეს, პირველი ხარისხის ფქვილის მაქსიმალური ფასი 55 ლარია, ამიტომ არ არის არავითარი დამცავი მექანიზმი საჭირო. იმ შემთხვევაში კი, თუ ხორბალი მსოფლიო ბაზარზე კიდევ გაძვირდება ან ლარის კურსის მერყეობის გამო ეს აისახება პურზე, მექანიზმი არსებობს, როგორ დააზღვევს სახელმწიფო ფასის ზრდას. ეს შეიძლება საჭირო გახდეს 2 კვირაში, ან საერთოდ არ გახდეს საჭირო. მთავარია, მთავრობა მზად არის რისკების გადასაზღვევად“,-ამბობს ლევან სილაგავა.

bpn.ge
| Print |