ეკონომიკა
"გაზრდილი ფასებით ბიზნესი მომხმარებელს კარგავს, მაგრამ იძულებულია" - რატომ ძვირდება სურსათი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა, რის გამოც ქვეყანაში პროდუქტები გაძვირდა. სპეციალისტები საიმედო პროგნოზს ვერ აკეთებენ. მათი შეფასებით, ლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში გაუფასურებას გააგრძელებს, რაც ყველა იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს.

საქსტატმა დაითვალა, რომ ოქტომბერში წიწიბურა 76%-ით, ნიორი 27%, ლობიო 26%, მზესუმზირის ზეთი კი 25%-ით, ერთ თვეში გაძვირდა. ქვეყანაში ინფლაცია ამით არ დასრულებულა, საკვებთან ერთად მოიმატა სასმელების, ტრანსპორტის და სხვა მომსახურების ფასმაც.

სურსათთან ერთად მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა მედიკამენტებზე ფასის მატება. ახალციხეში ამბობენ, რომ ცხოვრება განსაკუთრებით, კორონავირუსის პირობებში გაძვირდა. ადგილობრივების თქმით, ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის გაძვირების ფონზე, პანდემიის გამო, შემოსავლები შეუმცირდათ.


მაღაზიებში მომხმარებლის სიმცირეა. სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ჩივიან, რომ დღიურმა ნავაჭრმა მნიშვნელოვნად იკლო.

„ძირითადად, გაძვირებულია ზეთი. თითქმის, 20%-ით მოიმატა. გაძვირდა ბოსტნეული, კანფეტი. თითქმის 30%-ით ყველა პროდუქტმა მოიმატა. დღეში 1-2 კაცი თუ შემოვიდა ეგ არის, ორი თვის განმავლობაში თუ ვვაჭრობდი 150 ლარს, ახლა დღეში ვვაჭრობ 25 ლარს“, - ჩივის რეზო დურგლიშვილი.

საქართველოს ბაზარზე ძირითადად, იმპორტირებული პროდუქციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია იძულებულია საზღვარგარეთ დოლარში ნაყიდი სურსათი, საქართველოში უცხოური ვალუტის კურსით გაყიდოს. ამის გამო, ლარის გაუფასურების პირდაპირპროპორციულად იზრდება სურსათის ღირებულებაც. ასე ხსნიან სპეციალისტები მზარდ ფასებს, თუმცა ამის გარდა, გაძვირებულ ცხოვრებაზე სხვა ფაქტორები მოქმედებს.

„სტაბილურად იზრდება ფასები, ინფლაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია ეს ზრდა იყოს რაც შეიძლება რეგულირებადი და არ იყოს უცაბედი, რომ მოსახლეობას ერთდროულად არ დაატყდეს თავს. თუ ქვეყანაში იქნება შიდა არეულობა, გამოსვლები, მაშინ შეუძლებელია ამ პროცესის შენელება“, - ამბობს ეკონომისტი როინ თათეშვილი.

მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სახელმწიფო ამ ეტაპზე კომუნლური ხარჯების დაფარვას სთავაზობს. თუმცა სუბსიდიის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათის მიღება ყველას არ შეუძლია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინფორმაციით, კომუნალური შეღავათების პროგრამით ისარგებლებს ელექტროენერგიის 1 მლნ 200 ათასი აბონენტი და ბუნებრივი აირის 650 ათასი აბონენტი.

„ჩვენ ვთვლით, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი პაკეტია. იქნება ეს ადამიანი დასაქმებული, დროებით უმუშევარი თუ თვითდასაქმებული, ყველას შეეხება თანაბრად. ეს ძალაინ წაადგება ჩვენს მოსახლეობას, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტვირთია იმ დროს, როდესაც არის კრიზისი და შენ დროებით გაკლდება შემოავალი. ამიტომ ეს არის ჩვენი ზრუნვის პოლიტიკის ნაწილი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარი უფასურდება, ავტომატურად ძვირდება პროდუქტიც. ამას ერთვის სეზონური ფაქტორიც, შედეგად რადიკალურად გაზრდილ ფასებს ვიღებთ.

"წინ მძიმე ზამთარი გველოდება. ვინც სამუშაო ადგილები შეინარჩუნა, შემოსავალი იგივე აქვთ, თუმცა გასავალი გაცილებით მეტი აქვთ", – აცხადებს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ივა ჭყონიას ფასებთან მიმართებაში, ნეგატიური მოლოდინი აქვს.

„გაზრდილი ფასებით მომხმარებელს კარგავს ბიზნეს სექტორი, რადგან მსყიდველობითუნარიანობა არის საკმაოდ დაბალი. ამიტომ ბიზნესი ფაქიზად ეკიდება ფასის ზრდას. ფასის ცვლილება უკიდურეს შემთხვევაში ხდება. იმდენად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ბოლო წლებია მცირე და საშუალო ზომის კომპანიები გადასული არიან თვითგადარჩენაზე და არა მომგებიან საქმიანობაზე“.

როგორ აპირებს ხელისუფლება ფასების შენარჩუნებას პირველადი მოხმარების პროდუქტსა და მედიკამენტებზე - უცნობია. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ამის გეგმა ჯერ არ წარუდგენია. სპეციალისტების შეფასებით კი, პანდემიის დასაწყისში განხორციელებული პროექტი ცხრა სახეობის სურსათის სუბსიდირება, უეფექტო აღმოჩნდა. ხელისუფლებას გამოსავლის სხვა გის მოძებნა მოუწევს.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |