ეკონომიკა
"დაცარიელდა კურორტი, აღარავინ გვყავს, რა უნდა ვქნათ?" – ბაკურიანის მოსახლეობა
საქართველში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად მატების გამო სახელმწიფომ რეგულაციები გაამკაცრა. 28 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით, წესდება კომენდანტის საათი, გარდა ამისა იკრძალება რიგი საქმიანობები, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. შეზღუდვები ეხება სამთო-სათხილამურო კურორტებსაც. როგორ აისახება მთავრობის აკრძალვები ბაკურიანის ტურისტულ სეზონზე და როგორ შეძლებენ ცხოვრებას ადგილობრივები დამსვენებლების გარეშე.

ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია ტურისტულ სეზონს დამსვენებლების გარეშე ხვდება. 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით, სათხილამურო კურორტებზე დამატებითი შეზღუდვები შემოდის. ახალი რეგულაციის თანახმად, სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად. ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და საბაგიროების ფუნქციონირებაც. რეგულაციების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო.

ზუსტად იმ დროს, როდესაც ბაკურიანში დამსვენებელი უნდა ასულიყო, მთავრობამ რეგულაციები შემოიღო. შესაბამისად, ვეღარ იმუშავებს ყველა სასტუმრო, კაფე-რესტორნები და მაღაზიები. ფაქტობრივად ტურისტების გარეშე დასრულდა ზამთრის წინა სეზონიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინ მძიმე თვეები ელით, რადგან ბაკურიანი ვიზიტორის გარეშე, მათთვის რთული ეკომონიკური ცხოვრების პირდაპირპროპორციულია.

“მეგონა სეზონი დაიწყებოდა და მუშაობა გვექნებოდა, მაგრამ ვინც იყო ისიც წავიდა, დაცარიელდა ბაკურიანი, აღარავინ გვყავს, რა უნდა ვქნათ არ ვიცით“ – ამბობს ბაკურიანში კაფის მეპატრონე ნინო ქურიძე.


„მაღაზიას ყოველ წელს ვხსნი სეზონზე, წელსაც გავხსენი ვალად მოვიტანე ყველაფერი და მუშაობა არ არის, ცარიელია აქაურობა, რაუნდა ვქნათ არვიცით, ეს ვალები როგორ გადავიხადოთ. ბაკურიანი ასეთ დღეში არასდროს ყოფილა“-
ამბობს ერთ–ერთი მაღაზიის მეპატრონე.


ბაკურიანს სეზონზე ყოველწლიურად 150 000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. ბორჯომის მერიის მონაცემებით 2019 წელს კურორტზე, დაახლოებით 140 000-მა ტურისტმა დაისვენა. 2020 წლის პირველ სამ თვეში ბაკურიანს 40 000 ადგილობრივი დამსვენებელი ჰყავდა, რაც მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, კურორტისთვის მინიმალური ციფრია.

"ბაკურიანში ბევრი ღონისძიებები იგეგმებოდა, თუმცა ყველაფერი გადაიდო. პანდემიის გამო, წელს სეზონი ჩავარდა"- ამბობს ბორჯომის მერი დავით ზაალიშვილი.

ტურიზმის ექსპერტი სფეროში შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ნაბიჯები არ არის მიმზიდველი მოქალაქეებისა და ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ზამთრის კურორტები.

,,ჩვენ ამ რეგულაციების მიღებით სამთო-სათხილამურო და სასტუმრო ბიზნესები მოვკალით" - აცხადებს ვატო ასათაშვილი. მისი თქმით, მცირე ბიზნესისა და თვითდასაქმებულების ხმა ხელისუფლებამდე ვერ მიდის.

,,ეს არის ტოტალური ლოქდაუნი, მცირე და საშუალო ბიზნესის 80% გაჩერებულია"–მიაჩნია ექსპერტს.


2020 წლის ტურისტული სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი თვეა დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვებიდან გამომდინარე ბაკურიანში დამსვენებელთა წლიური რაოდენობა აღარ გაიზრდება.

მთავრობის შეზღუდვები კურორტზე 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. რამდენად ეყოლება თებერვალში, აკრძალვების შესაძლო მოხსნის შემდეგ ტურისტები ბაკურიანს უცნობია.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |