ეკონომიკა
შეზღუდვების ეკონომიკური შედეგები სამცხე-ჯავახეთში
შეზღუდვების მეორე ტალღამ სამცხე-ჯავახეთში ძირითადად, მასპინძელი ბიზნესი და ტურიზმის სექტორი დააზარალა. რეგულაციები შეეხო მუნიციპალურ ტრანსპორტს, კვების ობიექტებსა და კურორტებს. შემოსავლის გარეშე დარჩნენ სამარშრუტო ავტობუსის მძღოლები, რესტორნებისა და სასტუმროების თანამშრომლები, ასევე ბაკურიანში, ტუსიტებზე დამოკიდებული ყველა პირი.

პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, ახალციხეში ორი ახალი კვების ობიექტი გაიხსნა. „კანტორა 19“-ის და „ნუდლის“ მეპატრონეები აპირებდნენ, რომ ქალაქში მყუდრო და თანამედროვე გარემო მოეწყოთ და საკუთარი ბიზნესიც გაემართათ. ახალგაზრდების წამოწყებული საქმე შეზღუდვების მეორე ტალღამ შეაჩერა. „კანტორა 19“ გახსნიდან ორ თვეში, „ნუდლი“ კი ერთ კვირაში დაიხურა.

„ხუთი თანამშრომელი ვიყავით, ახლა მოლარე დისტანცირად მუშაობს. ერთი მეწილე მზარეულია, მეორე მიტანის სერვისზეა, ხელფასებს აღარ იღებენ“, - ამბობს აზიური კერძების რესტორნის „ნუდლის“ თანამშრომელი გიორგი გელაშვილი.

„მიტანის სერვისზე გადავედით, მაგრამ შეკვეთები შემცირებულია. ვცდილობთ თავი შევინახოთ“, - გვითხრა სოფიო მელიქიძემ, „კანტორა 19“-ის ხელმძღვანელმა.

კვების ობიექტების დიდი ნაწილი დაიკეტა, რადგან მეპატრონეები ამბობენ, რომ მიტანის სერვისით მუშაობა ხარჯებსაც ვერ ფარავს.

კაფეებისა და რესტორნების თანამშრომლებივით, სახლში დაჯდომა მოუწიათ სამარშრუტო ტაქსების მძღოლებსაც. ერთი თვეა, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აკრძალულია. საქართველოში დაწესებული შეზღუდვების გამო, ახალციხეში 50–მდე მძღოლმა სამსახური დაკარგა. უმუშევრად დარჩენილი მძღოლების ოჯახებისთვის, ეს შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

"300 ლარს გვაძლევს მთავრობა, ეგ რაში უნდა გვეყოს? ყველა წესს ვიცავდით, ასე უცებ რა მოხდა ვერ გავიგეთ", -
ამბობს ნოდარ ბერიძე. 

„დავიწყებთ შიმშილობას, რადგან შემოსავალი აღარ გვაქვს, პურის ფული როგორ უნდა ვიშოვოთ?“ - ამბობს ახალციხე-თბილისის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გია ლომიძე.

მეორე ტალღის შეზღუდვები ერთ-ერთი რთული აღმოჩნდა ბაკურიანელებისთვის. კურორტზე ტურისტული სეზონი ისე დაიხურა რომ არც გახსნილა.

„ბინებს ვაქირავებთ, ჩვენ სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ამ დრომდე არავის დაურეკავს, რომ ჩამოსვლა და დასვენება უნდა, რომ არ მივიღო დამსვენებელი, მაშინ შიმშილით უნდა მოვკვდე“, - ამბობს ადგილობრივი ვალენტინა ხუბაევი.

მოსახლეობის შემოსავლის შემცირების პარალელურად, იზრდება სურსათის და პირველადი მოხმარების ფასები. კორონავირუსის მეორე ტალღის დროს, ახალციხეში პური გაძვირდა. ყველაზე ხშირად მოხმარებად პროდუქტზე ფასმა 10 თეთრით მოიმატა. საცხობებსა და მაღაზიებში ამბობენ, რომ მიზეზი ფქვილის გაძვირებაა. არადა ერთი თვი წინ ხელისუფლება აცხადებდა, რომ ხორბალზე ფასის მატება, პურზე არ აისახებოდა.

„10-10 თეთრი დაემატა ყველა სახის პურს. მომხმარებლები რომ შემოდიან და ნახავენ ახალ ფასს, უკვირთ და ზოგი უკან გადის, ზოგი ცოტას ყიდულობს“, - ამბობს მაღაზიის გამყიდველი.
ერთი ტომარა ფქვილი 9-10 ლარით გაძვირდა. საცხობის მეპატრონეები ამბობენ, რომ ამის გამო ძველი ფასის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებენ.

„67 ლარია ფქვილი, როცა შარშან ამ დროს 50 ლარი იყო, საკმაოდ დიდი მატებაა ერთ წელში. ან ფასი უნდა მოემატოს, ან პურის ხარისხი და წონა დაეცეს, ეს მოსახლეობისთვის ძალიან ცუდია“, - გვიხსნის გიორგი გიქოშვილი.

ობიექტების მუშაობის შეჩერებას, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ემატება. დოლართან მიმართებაში ლარის კურსის ცვლილება იმპორტირებული პროდუქტის ფასის ზრდას იწვევს. მოქალაქეები ამბობენ, რომ შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ცხოვრება თანდათან რთულდება.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |