ეკონომიკა
მაღალმთიან დასახლებებში მაცხოვრებელთა შეღავათები, ვინ სარგებლობს დახმარებით (ინფოგრაფიკა)
„გამოგიტყდებით, დიდად არ მგონია, რომ მაღალმთიან რეგიონებზე დაწესებული შეღავათები ეფექტურია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, ახალი შეღავათების დაწესება არ განიხილება, ხოლო არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით.

„არის მაგალითად, მთის საწარმო. შეგიძლია მოიკითხოთ, აბა რამდენი საწარმოა და ამ შეღავათმა რა მისცა?! - განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოს კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ 2016 წლიდან ამოქმედდა. მასში წერია, რომ სოციალური შეღავათების მიზანია, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობა, ცხოვრების დონის ამაღლება, დასაქმების ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ერთ-ერთი დანამატი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის და სკოლის მასწავლებლებისთვის.

2020 წელს, საქართველოში 1 623-მა სამედიცინო პერსონალმა მიიღო სოციალური დახმარება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 503 110 ლარი დაიხარჯა.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე მოქალაქეებისთვის, კიდევ ერთი სოციალური დახმარებაა განკუთვნილი. ზამთრის პერიოდში - 15 ოქტომბრიდან 15 აპრილის ჩათვლით, გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, აბონენტის მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50%-ის ანაზღაურება, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

2020 წელს, საქართველოში ასეთი 83 756 აბონენტი იყო, მათთვის 934 670 ლარი გადაირიცხა.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, მაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში მცხოვრები პენსიონერი დამატებით იღებს პენსიის 20%-ს;

პირველი და მეორე ბავშვისათვის, 1 წლის განმავლობაში, 100-ლარიანი ყოველთვიური დახმარება, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი ბავშვისთვის – 2 წლის განმავლობაში, ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარებაა გათვლილი.
მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |