ეკონომიკა
ახალგაზრდა ბიზნესმენების გამოწვევები და ვალებში ჩაფლული კვების ინდუსტრია
ახალგაზრდების მიერ წამოწყებული ბიზნესსაქმიანობა, ქვეყანაში დაწესებულმა შეზღუდვებმა დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა. დამწყები მეწარმეები, რომლებმაც გარისკეს და კვები ობიექტები გახსნეს, იძულებული გახდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ. გაიცანით სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდები, რომლებსაც საქმის წამოწყებისთანავე არაერთი გამოწვევა შეხვდათ.

„YAMMY“ სწრაფი კვების ერთ-ერთი ობიექტია, რომელიც სამცხე-ჯავახეთში ახლახანს გაიხსნა. ორმა მზარეულმა და ერთმა მიმტანმა ახალქალაქში, აღმაშენებლის ქუჩაზე მუშაობა დეკემბერში დაიწყეს. მეპატრონეს გააზრებული ჰქონდა, რომ პანდემიის პირობებში მცირე ბიზნესის ამუშავება მარტივი არ იქნებოდა, თუმცა გარისკა და საკუთარი საქმე წამოიწყო.

„პანდემიის დროს ბიზნესის ამუშავება ნამდვილად სარისკო იყო და გავრისკეთ კიდევაც, რადგან ობიექტის მშენებლობა ერთი წლის წინ დავიწყეთ, სანამ პანდმია დაიწყებოდა. ზარალს ჯერჯერობით, ვერ განვსაზღვრავ, რადგან ეს ჩვენთვის ახალია, პანდემიის შემდგომ ყველაფერი ნათელი იქნება“, - ამბობს თანამფლობელი ანაჰიტ იორდანიანი.

ახალციხეში “ნუდლისა”და „კანტორა 19”-ის ახალგაზრდა მფლობელებმა კვების ობიექტები კორონავირუსის პირველ და მეორე ტალღებს შუა გახსნეს. ქვეყანაში მეორედ დაწესებულმა შეზღუდვებმა მათ შემოსავლებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა. “ნუდლი“ გახსნიდან ერთ კვირაში დაიხურა, ამჟამად კი მიტანის სერვისზეა გადასული. ამავე ფორმით აგრძელებს მუშაობას „კანტორა 19“. კვების ობიექტების თანამშრომლების ნაწილმა სამსახური დაკარგა. მეპატრონეები ამბობენ, რომ მათ სამსახურში დაბრუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ შეზღუდვები მოიხსნება და მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ღია სივრცეში მოწყობილ კაფე „ფურანოს“ გარემოს ახალციხეში უკვე კარგად იცნობენ. კვების ობიექტი ორი წელია მუშაობს და ერთი შეხედვით, ბიზნესიც საკმაოდ კარგად აეწყო. თუმცა 2020 წელი მეპატრონესთვის უშემოსავლო აღმოჩნდა. გიორგი თელიაშვილი იძულებული გახდა, ობიექტი დაეკეტა და მიტანის სერვისზე გადაწყობილიყო. ექვსი თანამშრომლიდან ახლა მხოლოდ სამი მუშაობს.

„ეპიდსიტუაციის გამო, ჩემი არაერთი იდეა განუხორციელებელი დარჩა“, - ამბობს გიორგი თელიაშვილი.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არაადეკვატურს უწოდებს. კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ ეპიდსიტუაციის დასარეგულირებლად კვების ობიექტების დახურვა საჭირო არ იყო.

„მთავრობა საკუთარ გადაწყვეტილებებს კრიტიკულად არ უყურებს და შესაბამისად ფაქტია, რომ შეცდომებსაც არ აღიარებს“, - ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

პანდემიამ ბიზნესი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. რეგულაციების გამკაცრებით, დამწყებმა ბიზნესმენებმა განვიტარების შანსი დაკარგეს, კვების ობიექტებმა კი - შემოსავალი. მართალია მათი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, თუმცა შემოსავალი 70%-მდე შეუმცირდათ.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |