ეკონომიკა
2020 წელს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება რეკორდულად გაიზარდა
მაშინ, როდესაც პანდემიური 2020 წელი კომერციულმა ბანკებმა მნიშვნელოვნად შემცირებული მოგებით დაასრულეს, მიკროსაფინანსოები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. თუ 2019 წელს მისო-ებმა მხოლოდ 112 123 ლარის მოგებით დახურეს, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 44 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წელი მისო-ებმა 44 853 697 ლარის მოგებით დახურეს, დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ კი 96 604 829 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან სექტორმა 250,5 მლნ ლარი მიიღო, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 7,939 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, მისო-ებმა ჯარიმებიდან და საურავებიდან 18,921 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე 40 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა. საანგარიშო პერიოდში 393 სერვის-ცენტრსა და ფილიალში კი დასაქმებული იყო 4 100-ზე მეტი ადამიანი.
| Print |