ეკონომიკა
სამშენებლოს გარდა, ყველა სექტორში ფასების ზრდის მოლოდინია - კვლევითი ინსტიტუტი
“აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტის გიორგი პაპავას თქმით, საქართველოში სამშენებლო ბიზნესის გარდა, ყველა სხვა სექტორში ფასების ზრდის მოლოდინია. მისივე განცხადებით, ამის მიზეზი ორი ფაქტორია, ერთის მხრივ, ნედლეულის გაძვირება და მეორეს მხრივ, მოთხოვნის ზრდა.

„ზოგადი განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ფასების ზრდის მოლოდინის მიმართულებით. ერთადერთი, სამშენებლო სექტორმა მეოთხე კვარტალში ეს მოლოდინი არ დააფიქსირა, რაც განპირობულია იმით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფასების მნიშნელოვანი კორექტირება არ მომხდარა ამ სექტორისთვის და ალბათ, მოლოდინი აქვთ, რომ გარკვეული კლების მიმართულებით კორექცია მოხდება, მომავალი კვარტლის განმავლობაში. 

სხვა ყველა სექტორში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინი ფასების ზრდის მიმართულებით არის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი, ერთის მხრივ, მწარმოებლებს უძვირდებათ იმ პროდუქციის მიწოდება ბაზარზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ და ამავდროულად, შესაძლებელია, მოლოდინი ჰქონდეთ, რომ დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, გაუმჯობესდება მოთხოვნა მას შემდეგ, რაც უკვე ეკონომიკა გაიხსნება და ადამიანები შეძლებენ გარკვეული შემოსავლების აღდგენას. შესაბამისად, ამან შესაძლოა, მოთხოვნაც გააუმჯობესოს და ეს ორი ფაქტორი, ერთის მხრივ, გაძვირებული ნედლეული და წარმოების დანახარჯები, მეორეს მხრივ კი, დღევანდელთან შედარებით მოთხოვნის ზრდა განაპირობებს ბიზნესში ფასების ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინებს“,
- განაცხადა გიორგი პაპავამ.

ცნობისთვის, „აისეტმა“ ბიზნესის განწყობების შესახებ კვლევა მეოთხე კვარტლის მდგომარეობით გამოაქვეყნა.
| Print |
თეგები: ფასების ზრდა /