ეკონომიკა
ფქვილის ფასმა შესაძლოა კვლავ მოიმატოს
რუსეთის მხრიდან, 15 თებერვალს, მარცვლეულზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე წისქვილკომბინატები ფიქრობენ, რომ ხორბალზე ფასი ისევ გაიზრდება. ხორბლის გაძვირება კი ჯაჭვური რეაქციით ფქვილზე ფასის ზრდას გამოიწვევს, შესაბამისად როგორც „ჯეომილის“ გენერალური დირექტორი ამბობს, ქვეყანაში არსებული ხორბლის მარაგების ამოწურვის შემდეგ, როცა ბიზნესს ახალი საბაჟო ტარიფებით მოუწევს იმპორტის განხორციელება, შესაძლებელია ერთი ტომარა ფქვილი 72 ლარამდე გაძვირდეს.

ახალციხეში ფქვილის გამყიდველებს ვკითხეთ თუ გაზარდეს ფასები და თუ აპირებენ ამას მომავალში. ამ საკითხზე თითქმის ყველასგან ერთნაირი პასუხი მივიღეთ. ამბობენ რომ ბოლო პერიოდში ფასები არ გაუზრდიათ, მაგრამ თუ სხვა გზა არ დაუტოვეს მაშინ ისინით გაზრდიან ფასებს.

„ფასი ჯერ არ მოგვიმატებია, მაგრამ თუ ხორბალი გაძვირდება იძულებულები გავხდებით ფქვილის ფასიც გავზარდოთ.  ხორბალი ძირითადად რუსეთიდან შემოდის, ამის გარდა ადგილობრივ ხორბალსაც ვფქვავთ, რომელიც კახეთიდან შემოდის, მაგრამ თუ ფასები გაიზრდება ეს ფაქტი ყველა სახის ხორბალსა და ფქვილზე აისახება", - ამბობს გამყიდველი ზვიდ სუდაძე.

ახალციხეში ფქვილის გამყიდველები ამბობენ, რომ ხორბალს გადამყიდველებისგან ყიდულობენ. ამიტომ მათთან როგორც რუსეთიდან შემოტანილი, ისე ადგილობრივი ხორბალი ხვდება. შესაბამისად, თუ ხორბალი მთელს ქვეყანაში გაძვირდება, ფქვილზე ფასს ისინიც გაზრდიან. 

„ჩვენთან ფქვილს ჯერ ისევ ძველი ფასი აქვს, მაგრამ თუ მთელი საქართველოს მაშტაბით გაძვირდება, ჩვენც გავაძვირებთ“, - განმარტავს ფრიდონ ბოჩიკაშვილი.

ფქვილზე ფასის მატებას უარყოფითად აფასებენ მოქალაქეებიც. მათი აზრით, ფქვილის გაძვირება სხვა პროდუქტებსაც გააძვირებს. შიშობენ, რომ პანდემიის პერიოდში შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს, მსგავსი გადაწყვეტილება ლუკმა-პურის გარეშე დატოვებს.

„არ არის კარგი მაგრამ რა ვქნათ, სოფელში ვცხოვრობ, პენსიის გარდა შემოსავალი არ მაქვს, სამუშაო არსად არის, პურ-პროდუქტებზე ფასების ზრდა, განსაკუთრებით პენსიონერებზე აისახება ცუდად, რადგან მათ სხვა შემოსავალი არ აქვთ“, - ამბობს პენსიონერი მარინე ცნობილაძე.

„ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ვირუსების პერიოდია. სამსახურები არ არის და პარალელურად ყველაფერი ძვირდება, თუ ფქვილი გაძვირდება ეს სხვა პროდუქტებზეც აისახება“ - განუცხადა tv9news.ge-ს სედრაკ სივახჭიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში პურის ფასმა ჯერ კიდევ 10 დეკემბერს 10 თეთრით მოიმატა. ამის მიზეზი ფქვილის გაძვირება იყო. ხელისუფლების მიერ გაკეთებული განაცხადი, რომ პურზე ფასი არ მოიმატებდა სიმართლე არ აღმოჩნდა. ამჟამად, ახალციხეში ერთი ტომარა, 50 კგ ფქვილის ფასი 67 ლარია.

| Print |