ეკონომიკა
ნებართვის მიუხედავად, ბაკურიანში სასტუმროები არ გახსნილა
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან, 25 თებერვლიდან, სამთო კურორტებზე სასტუმროებს დამსვენებლების მიღების უფლება აქვთ. ამის მიუხედავად, ბაკურიანში ობიექტების უმეტესობა დახურულია.
სასტუმრო „CRYSTAL RESORT”-ის მენეჯერი ამბობს, რომ ადმინისტრაციას სასტუმროების მუშაობის ნებართვის შესახებ ინფორმაცია არ გჰქონდა. გიორგი ჭანდურელის თქმით, შესაბამის უწყებას მასპინძელი ბიზნესი წინასწარ არ გაუფრთხილებია.

„86-ნომრიანი სასტუმრო დახურულია, ვიზიტორებს ვერ ვიღებთ. არც ინფორმაცია გვაქვს, რომ ნომრის გაქირავება შეგვიძლია“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი გიორგი ჭანდურელი.

ანალოგიურ სიტუაციაშია სასტუმრო „SNOW PLAZA”. თანამშრომლები ამბობენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შესახებ ბიზნესი რამდენიმე დღით ადრე უნდა გაეფეთხილებინათ, რათა მომზადება მოესწროთ.

„ბაკურიანში მეპატრონეებმა არ იცოდნენ, რომ სასტუმროებს 25 თებერვლიდან მუშაობის უფლება ჰქონდათ. დალაგებაც ვერ მოვასწარით“, - ამბობს ზოია მაისურაძე.
საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გუშინ, 25 თებერვალს გახდა ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროში არ იციან, რატომ არ დაიწყეს სასტუმროებმა ბაკურიანში მუშაობა.

„პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ სამთო კურორტებზე სასტუმროები დღეიდან განაახლებენ მუშაობას. რატომ ვერ განაახლეს, ვერ გეტვით“, - გვითხრა უწყების პრესამსახურში გიორგი კალანდაძემ.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საბაგიროები კიდევ ერთი კვირა არ გაიხსნება. მუსაობის უფლება მათ 8 მარტიდან აქვთ. ადგილობრივების თქმით, ბაკურიანში წელს ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა, მარტში კურორტზე ძალიან ცოტა დამსვენებელს ელიან.



| Print |