ეკონომიკა
ზეთი და კარაქი - 34%, შაქარი - 14%, პურპროდუქტები - 8.7%-ით გაძვირდა - საქსტატი
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში სასურსათო ჯგუფებიდან ყველაზე მეტად ზეთის და ცხიმის ფასი არის გაზრდილი. 2021 წლის თებერვალში წლიურ ჭრილში ფასების მატებამ 34.3% შეადგინა. ასევე, 14%-ით არის გაზრდილი შაქრის და ჯემების ღირებულება, პურის და პურპროდუქტების ფასი კი 8.7%-ით არის გაზრდილი.

თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 3.6% შეადგინა. ამასთან, ინფლაციის კალკულაციაში კვლავ იყო გათვალისწინებული კომუნალური ტარიფების სუბსიდირების ეფექტი, ამ სუბსიდიის გარეშე კი, ინფლაცია 1.85%-ით უფრო მეტი - 5.45% იქნებოდა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.03%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4%), თევზეული (10.6%), პური და პურპროდუქტები (8.7%), რძე, ყველი და კვერცხი (6.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3%). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1%) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8%).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8%-ით, რაც 0.76%-ით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2%) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5%) ქვეჯგუფებზე. 

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3%-იანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.69%-ით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8%), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9%), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9%), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8%), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8%), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1%).
| Print |