ეკონომიკა
ბიზნესიდან-ემიგრაციაში
ახალციხეში, ქალაქის ისტორიულ უბანში სამი საოჯახო სასტუმრო იყიდება. მეპატრონეები ამბობენ, რომ ბიზნესი, რომელიც წლების განმავლობაში, არაერთი სირთულის გადალახვით ააწყვეს, კორონავირუსის გამო, საქართველოში შექმნილმა მდგომარეობამ, გაანადგურა.

ხათუნა ვოსკანიანი ახალციხის ისტორიულ უბანში საოჯახო სასტუმროს ყიდის. ცხრაწლიანი დატვირთული მუშაობის შემდეგ, უცხოელი ვიზიტორებისთვის მიმზიდველი რვა ნომრიანი სასტუმრო "ძველი რაბათი“, მეპატრონემ 400 000 დოლარად შეაფასა. ტურისტებით სავსე სასტუმროში 2020 წლიდან ვითარება რადიკალურად შეიცვალა. საზღვრების ჩაკეტვამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა ობიექტი გაკოტრებამდე მიიყვანა.

რაბათის ძველ უბანში იყიდება საოჯახო სასტუმრო “კესანეც”. მეპატრონე ხარჯებს ვეღარ ისტუმრებს. ციალა შავაძე იძულებული გახდა უკიდურესი გადაწყვეტილება მიეღო და სასტუმრო, რომლის კეთილმოწყობაშიც ყველაფერი ჩადო, გასაყიდად გაეტანა.

“კესანე” 2017 წლიდან მუშაობს. ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილმდებარეობისა და კომფორტული პირობების გამო, სასტუმრო ყოველ სეზონზე სრულად იტვირთებოდა. 2020 წლის დასაწყისში კორეელ წყვილს უმასპინძლა და შემდეგ დაიკეტა. მეპატრონე კრედიტს ვეღარ იხდის. ციალა შავაძე საკუთარი ხელით მოწყობილი სასტუმროს გაყიდვის შემდეგ სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლას აპირებს.

„არანაირი სახის დახმარება არ მიგვიღია. არც კი მოვუკითხივართ მთავრობას. ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ერთი თვე რომ გაგვახსნევინეს ზაფხულში და ისევ დაგვკეტეს, ესეც რამხელა ხარჯებთან იყო დაკავშირებული იცით? მე ვეღარ ვამუშავებ სასტუმროს. ოდნავ მაინც რომ წამოვდგე ფეხზე, მინიმუმ 3-4 წელი დამჭირდება. ერთი წელია უკვე ვაკუუმში ვარ. ვფიქრობ, რომ პანდემია ხელისუფლებამ თავის სასარგებლოდ ძალიან კარგად გამოიყენა. ოცნებების დამსხვრევაში დაგვეხმარა ყველას”

იმისთვის, რომ საბანკო ვალდებულებები გაისტუმროს და მიზნობრივი ხარჯები დაფაროს, სოფელში სახლს ჰყიდის საოჯახო სასტუმრო “ედემის” მფლობელი. მარინე ნარიაშვილი ფიქრობს, რომ თუ გაზაფხულზე ტურიზმის სექტორი არ ამუშავდა და ვიზიტორების მიღება არ დაიწყეს, „ძველი რაბათის“ მსგავსად, ახალციხეში ბევრი ობიექტი გაიყიდება.

ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ პანდემიით დაზარალებულ მასპინძელ ბიზნესს ხელისუფლება სესხების სუბსიდირებით დაეხმარა. პროგრამაზე დაახლოებით, 47 მლნ. ლარი დაიხარჯა. „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, სუბსიდირებით ახალციხის მუნიციპალიტეტში 15-მა სასტუმრომ ისარგებლა. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს ბიზნესისთვის საკმარისი მხარდაჭერა არ არის. გიორგი კეპულაძის თქმით, მთავრობის ეფექტური დახმარების გარეშე, სასტუმროების გაყიდვის გადაწყვეტილებას კიდევ ბევრი მფლობელი მიიღებს.

„დაახლოებით, ორ მილიარდ ნახევარი ლარი დავკარგეთ ერთ წელიწადში და ამის დაბრუნება უფრო გაძნელდება. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება იყო ის, რაც შეუძლია ღარიბ ქვეყანას. საკმარისი რომ ყოფილიყო, დღეს არცერთი სასტუმრო არ გაიყიდებოდა. ეს იყო მხოლოდ იმისთვის,რომ გადარჩენილიყვნენ, თუმცა ამას ყველა ვერ მოახერხებდა, რადგან სასტუმრო ბიზნესი გათვლილია სტუმარზე და არა დახმარებებზე“.

კიდევ ერთი სასტუმრო იყიდება ქალაქის ტურისტულ უბანში. "ნიუ სთარის" მეპატრონე ამბობს, რომ ერთწლიანი უმუშევრობის შემდეგ, შვიდნომრიან ობიექტს ვეღარ ინახავს და ამიტომ მის გაქირავებაზეც თანახმაა. იმის გამო, რომ სასტუმრო ინდუსტრია არასახარბიელო მდგომარეობაშია, მფლობელი მყიდველს სამსართულიანი შენობის ოფისად ან სხვა ალტერნატიულ ფართად გამოყენებას სთავაზობს.

„სამსართულიანი სასტუმროა, ყველაფრით მოწყობილი. ლამაზი ხედით, პარკინგით. კაპიტალური შენობაა, შესაძლებელია ნებისმიერ საქმეზე ამუშაონ. 7-8 წელში ამოიღებს თავის ხარჯს. მყიდველს შეუძლია სარდაფში საწყობი გააკეთოს და მაღაზიად გადააკეთოს, ოფისი ან კლინიკა გახსნას. ეტაპობრივადაც მაწყობს თანხის გადახდა“, - ამბობს მეპატრონე.

ერთი წელი გავიდა, რაც სასტუმროებმა ვიზიტორების მიღება შეაჩერეს. რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩენილი მეპატრონეების ნაწილი, რომლებსაც საბანკო ვალდებულებებიც აქვთ, ერთადერთ გამოსავალს, სასტუმროების გაყიდვაში ხედავენ.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |