ეკონომიკა
2020-ში საქართველოში უცხოური ინვესტიციები რეკორდულად შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიციები დიდი ბრიტანეთიდან შემოვიდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყანაში მოქმედი რამდენიმე მსხვილი საფინანსო ინსტიტუტი - საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი, ასევე "საქართველოს კაპიტალი" დიდ ბრიტანეთში არიან რეგისტრირებული და მათი ინვესტიციები FDI-იდ განიხილება.

ბრიტანეთიდან შემოსული ინვესტიციების ჯამი $307 მილიონი დოლარი იყო.
  • გაერთიანებული სამეფო - 307.8 მილიონი დოლარი;
  • ნიდერლანდი -172.1 მილიონი დოლარი;
  • თურქეთი - 108.1 მილიონი დოლარი;
  • აშშ - 93.3 მილიონი დოლარი;
  • მალტა - 27.6 მილიონი დოლარი;
  • ლუქსემბურგი -26.5 მილიონი დოლარი;
  • რუსეთი - 25.5 მილიონი დოლარი;
  • გერმანია - 23.7 მილიონი დოლარი;
  • დანია -22.0 მილიონი დოლარი;
  • პანამა - მინუს 209.3 მილიონი დოლარი;
  • დანარჩენი ქვეყნები - 19.5 მილიონი დოლარი.
ცალკეული სექტორების მიხედვით, FDI-ს ყველაზე დიდი ვარდნა ტურიზმის სექტორშია. თუკი 2019 წელს ამ სექტორში $120 მილიონი ჩაიდო, 2020 წელს პირიქით, ინვესტიციების გადინება (ან ვალდებულების მომსახურება) მოხდა. გამავალი ნაკადი ამ სექტორში 221 მილიონი დოლარი იყო. ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 98%-ით შემცირდა და სექტორში მხოლოდ $6 მილიონი დოლარი ჩაიდო. 47%-იანი ზრდა იყო საფინანსო სექტორში ჩადებულ ინვესტიციებში, სამთო მოპოვებით მრეწველობაში კი ინვესტიციები 94%-ით გაიზარდა.
| Print |