ეკონომიკა
წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა
ებრაულმა კომპანია “kass land”- მა საქართველოს დაცულ ტერიტორიაზე, კერძოდ, წალკის კანიონზე 120 მლნ ლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელა.

პროექტის მიხედვით, კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყობა დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი გადაიშლება. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოტურისტული ბილიკები, ვიზიტორთა ცენტრი, სასტუმროები, აუზები, მუსიკალური და სხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა აშენდება.

„პანდემიით შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, წალკის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა. პროექტის საინვესტიციო პორტფელი 30 მილიონი ლარით გაიზარდა და 120 მილიონი შეადგინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის მნიშვნელობასა და უნიკალურობაზე. პროექტის წარმატება აუცილებლად შეუწყობს ხელს როგორც ინვესტიციების მოზიდვას, ისე ტურისტული პოტენციალის ზრდას“, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

როგორც „kass land“-ის არქიტექტორი და კონცეფციის მთავარი დიზაინერი თომერ მორ იოსეფი „საქმის კურსთან“ ამბობს, წალკის კანიონი ვიზიტორებს 2021 წლის ივლისიდან უმსაპინძლებს და 900 ადამიანს დაასაქმებს.

„წალკის კანიონის მთავარი ხიბლი ბუნებაა, ევროპელებს არ აინტერესებთ შენობები, მათთვის მთავარი სიმწვანეა, სწორედ ამიტომ, პროექტი ქვეყნის ეკოტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, განსაკუთრებით დადებითი სიგნალები ისრაელიდან გვაქვს და მასიურ მიმოსვლასაც ისრაელიდან ველოდებით, რაც ტურიზმის მხრივ, საქართველოს სხვა ქალაქებზეც დადებითად აისახება. ჩვენ გვჯერა, რომ წალკის კანიონი 2021 წლის ივლისიდან ძალიან ბევრ დამსვენებელს უმასპინძლებს“ - აღნიშნავს “kass land”- ის არქიტექტორი.

თომერ მორ იოსეფის თქმით, ტურისტული ობიექტის მუშაობას პანდემია ვერ შეაფერხებს, იქიდან გამომდინარე, რომ პროექტის ფარგლებში მთავარი აქცენტი ღია სივრცეზე კეთდება.

წალკის კანიონი ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. როგორც კომპანიაში განმარტავენ სამშენებლო სამუშაოები გარემოს ზიანს არ აყენებს.

ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
| Print |