ეკონომიკა
რამდენი ბიზნესი გაჩერდა საქართველოში? - BIA-ს სტატისტიკა
კომპანიების საინფორმაციო სისტემა BIA-ს ინფორმაციით, 2020 წელს ქვეყანაში დროებით შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 78%-ით გაიზარდა და მან 2 814 შეადგინა. ორგანიზაციის შეფასებით, კერძო სექტორისთვის საქმიანობის შეჩერების კუთხით 2021 წელი 2020 წელთან შედარებით უფრო მძიმე იქნება.

"დროებით შეჩერებული კომპანიების რაოდენობა 2021 წლის 1 იანვრიდან დღემდე, 4.5 თვის განახლების მაჩვენებლის მიხედვით უკვე 2 455 არის. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოს 2020 წლის მაჩვენებელს როდესაც შევადარებთ, საგრძნობლად გაზრდილი ციფრი გვექნება," - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

BIA-ს სტატისტიკის მიხედვით, შეჩერებული კომპანიების განაწილება ზომის ჭრილში ასეთია:
  • მცირე ზომის კომპანია - 85%;
  • საშუალო ზომის კომპანია - 13.5%;
  • მსხვილი ზომის კომპანია - 1.5%.
2020 წელს შეჩერებული კომპანიების დარგების ანალიზის მიხედვით, გამოვლინდა ხუთი კატეგორია, სადაც უფრო მეტი კომპანია დაიხურა. 
  1. რესტორნები და ბარები;
  2. ტურიზმი (ტურისტული მომსახურებები და სხვადასხვა ტიპის სასტუმროები);
  3. სილამაზე და სპორტი;
  4. უძრავი ქონების მართვა;
  5. საოფისე და საოჯახო საქონელი.
"პანდემიის პროცესების გავლენა 1 წლის შემდეგ უფრო მეტად შეიმჩნევა მცირე ზომის კომპანიებზე; ამჟამად უფრო და უფრო იზრდება მცირე კომპანიების რიცხვი, რომლებიც აჩერებენ ბიზნესს დროებით ან სრულად. ფაქტობრივად, გადარჩევა მოხდა; არის კომპანიები, რომლებმაც მოკლე დროში მოახერხეს, ადაპტირდნენ დღევანდელ გარემოში, შეცვალეს ბიზნესის სახე ან მომსახურების ფორმა და აეწყვნენ დისტანციურად ბიზნესის მართვის პრინციპებზე და არიან კომპანიები, რომლებმაც დღევანდელ ბიზნესგარემოში ოპერირება ვეღარ შეძლეს", - ნათქვამია BIA-ს ინფორმაციაში.

2020 წლის 1-ლი მარტიდან 2021 წლის 1-ლი აპრილის ჩათვლით, ბიას პლატფორმაზე განახლდა 33,870 კომპანია, საიდანაც 1 650 (კომპანიათა 5%) სრულად შეჩერებული კომპანიაა, 4 152 კი (კომპანიათა 12%) - დროებით შეჩერებული.
| Print |