ეკონომიკა
„ფასი სამწუხაროდ, კიდევ გაიზრდება“ - საქართველოში საწვავის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა
„ისტორიულად ეს არის ყველაზე მაღალი ფასები, რაც კი საქართველოში ყოფილა საწვავთან მიმართებით“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამას განაპირობებს სამი ფაქტორი - საერთაშორისო ფასები, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით და სახელმწიფო გადასახადები. თუმცა, როგორც ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე ტენდენციები ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა და საწვავის ფასი სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.

„ვითარება საკმაოდ რთულია, არაორდინალური. როგორც უკვე აღინიშნა, საწვავზე 3-ლარიანი ნიშნულის გადალახვა მოხდა, სუპერის ტიპის ბენზინის ფასზე. აქვე გეტყვით, რომ მისი მოხმარება, მთლიანი საწვავის სტრუქტურაში არის დაახლოებით, 1-დან - 2%-მდე. პრემიუმის საწვავის ფასიც, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის, 3-ლარიან ნიშნულთან არის მისული, 2,90-2,95 ლარი ღირს და პრინციპში, შესაძლებელია, ამ კატეგორიის საწვავის ფასიც რაღაც დროის შემდეგ, 3-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდეს. რაც შეეხება რეგულარის ტიპის საწვავს, რომლის მოხმარებაც ყველაზე დიდია, მის ფასსაც ბევრი აღარც აკლია 3 ლარამდე. თუმცა, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ 3-ლარიან ნიშნულამდე არ მივა.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, საქართველოში ბენზინი შემოაქვთ ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და თურქმენეთიდან. აქედან ყველაზე იაფად თურქმენეთიდან შემოდის, მისი თვითღირებულების ფასი საშუალოდ, 2,42 ლარია. ამას ემატება დანახარჯები - საბითუმო მოგება, საცალო გაყიდვების მოგება და სხვა. 

მისი თქმით, თუ ლარი დაიწყებს გამყარებას, ეს საწვავის გაზრდილ ფასს დააკორექტირებს. თუმცა, ის ნიშნული, რომელზეც დღეს ეროვნული ვალუტაა, საწვავის ბაზარზე დადებით გავლენას ვერ იქონიებს.

რაც შეეხება გადასახადებს, თუ ამას შეამცირებენ, ეს რაღაც დოზით ფასს შეამცირებს, თუმცა სახელმწიფო დაკარგავს გარანტირებულ სტაბილურ შემოსავალს და ამ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისთვის და სოციალური ფონისთვის, რომელი უფრო მისაღებია, ეს ცალკე განხილვის თემაა“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
| Print |