საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა და 18.5% შეადგინა.
„2020 წელს სამუშაო ძალამ - ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ 50.5% შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3%-ით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5%-ით“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
მათივე მონაცემებით, გასულ წელს დაქირავებით დასაქმებულთა წილმა 68.1% შეადგინა.
2019 წელთან შედარებით, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონებში, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება.
„უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.2%-ით, ხოლო კაცებში - 1.3%.
2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9%), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3%), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელი“, - ვკითხულობთ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.