ეკონომიკა
როდის ეყოლება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი?
„ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში გვექნება სიახლეები“, - ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავიაციის დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს კითხვაზე - როდის ეყოლება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ისევე როგორც ავიაციის სექტორში შემავალი უწყებები, ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ეს არის ის, რაც წლების განმავლობაში ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით. ეს ერთმანეთზე გადაჯაჭვულია და დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დაგეგმვა, სტრატეგიებზე ჩამოყალიბება სინქრონიზებულად მიმდინარეობდეს.

ტურიზმის ადმინისტრაციას ძალიან ეფექტიანი და წარმატებული მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს, რომელიც წლების განმავლობაში მოადგილის პოზიციას იკავებდა. ჩვენ გვესმის, რომ მნიშვნელოვანია უწყებას ჰყავდეს ხელმძღვანელი და იმედს ვიქონიებთ, რომ უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით სიახლეები გვექნება, რასაც გაგიზიარებთ“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

კითხვას - შეიძლება თუ არა დღეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ვაკანტურ პოზიციაზე დაინიშნოს, მინისტრის მოადგილემ ასე უპასუხა: „ეს არის პროცედურა, რომელიც საჯარო კონკურსს გულისხმობს და როდესაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსი გამოცხადდება, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, იქნება ეს სახელმწიფო მოხელე, თუ კერძო სექტორში დასაქმებული, თავისი კანდიდატურის წარმოდგენის შესაძლებლობა ექნება და პროცედურების დაცვით მოხდება შერჩევა“.


ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური 2020 წლის დეკემბრიდანაა ანუ მას შემდეგ, რაც მარიამ ქვრივიშვილმა პოსტი დატოვა და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გადაინაცვლა. რამდენიმე კვირის წინ კი, მან დეპუტატის მანდატი დატოვა და ისევ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაბრუნდა, ოღონდ ამჯერად - მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.
| Print |