ეკონომიკა
საქართველოში საშუალო ხელფასი 4.4%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.4%-ით (53.5 ლარით) გაიზარდა და 1 256.2 ლარი შეადგინა.

საქსტატის განმარტებით, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 448.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 5.7%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 159.8 (გაიზარდა 14.4%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 798.9 ლარი (გაიზარდა 0.2%-ით);
  • მშენებლობა – 1 664.5 ლარი (შემცირდა 2.3%-ით).

როგორც საქსტატში აღნიშნავენ, 2021 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 022.9 ლარით, ხოლო კაცების - 1 473.4 ლარით განისაზღვრა. მათივე ინფორმაციით, ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 62.5 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 49.5 ლარი.

„საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2021 წლის I კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 56.5 ლარით გაიზარდა და 1 283.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების საქმიანობების (2 319.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 30.5%-ით), ასევე ინფორმაციის და კომუნიკაციის (2 204.0 ლარი, გაიზარდა 14.7%-ით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის I კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.2 ლარით გაიზარდა და 1 213.3 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს“
,-აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |