ეკონომიკა
გლეხის პროდუქტს ფასი არ ემატება - ახალციხის საკვირაო ბაზარი (ფოტორეპორტაჟი)
ირინა მაჭარაშვილი ახალციხის აგრარულ ბაზარში რძისა და კვერცხის გასაყიდად მეზობელს გამოყვა. ადიგენის სოფელ დიდი სმადიდან მეზობელი ქალები გაძვირებულ ცხოვრებაზე და აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

კორონავირუსის პანდემიის ეფექტი მოქალაქეებისთვის ყველაზე ნათლად საკვებზე ფასების ზრდაში აისახა. ათეულობით პროცენტით გაძვირდა რძის ნაწარმი, ხილი, შაქარი, ხორცი. 
საქართველოს სტატისტიკური უწყების, „საქსტატის“, უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ივნისის თვეში სამომხმარებლო ფასების ინდექსი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,1 პროცენტით გაუარესდა.
კვლევის მიხედვით, ივნისის თვეში, წინა თვესთან შედარებით, ფასების შემცირებაც კი აღინიშნა - 0,4 პროცენტის ოდენობით, თუმცა ფასების საერთო დონე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7 პროცენტზე მეტად გაიზარდა. სწორედ ეს მაჩვენებელია ის, რაც წლიურ ინფლაციას განსაზღვრავს.
კვება და სამედიცინო მომსახურება კოვიდ-19 - თან ბრძოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სურსათის გარდა, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციაზე, აპარატურასა და ამბულატორიულ მომსახურებაზეც კი.
სპეციალისტები ფასების ასეთ ზრდას პანდემიით გამოწვეული მიწოდების პრობლემებით, სავალუტო კურსის ცვლილებით, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებით და დეფიციტის მოლოდინით ხსნიან.
| Print |