ეკონომიკა
კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა
2021 წლის ივნისში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ.

მხოლოდ ერთ თვეში, საფინანსო ბაზრის მსხვილმა მოთამაშეებმა 294 628 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი თითქმის 114%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ივნისში ბანკების წმინდა მოგება იყო 137 789 მლნ ლარი.

რაც შეეხება ექვსი თვის მაჩვენებელს, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ბანკების წმინდა მოგებამ 1 059 623 000 ლარი შეადგინა.

2021 წელს მიღებული წმინდა მოგება თვეების მიხედვით:

  • იანვარი - 113,368 მლნ ლარი
  • თებერვალი - 132,115 მლნ ლარი
  • მარტი - 166,324 მლნ ლარი
  • აპრილი - 173,071 მლნ ლარი
  • მაისი - 180,117 მლნ ლარი
  • ივნისი - 294,628 მლნ ლარი
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 99 262 მლნ ლარი შეადგინა. ეს იყო მოგების ყველაზე მცირე მაჩვენებელი, რაც ბანკებს ბოლო წლებში ჰქონდათ მიღებული. ამის მიზეზი კი, კორონავირუსის პანდემიის პირველი თვე იყო, როდესაც ბანკებს სესხების მასობრივი გადავადება მოუწიათ. შესაბამისად, 2020 წლის მარტში ბანკები 943,130 მლნ-იან ზარალზე გავიდნენ. თუმცა მას შემდეგ, კომერციული ბანკები წაგებაზე არ გასულან.

ივნისის მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.
| Print |