ეკონომიკა
საპარტნიორო ფონდი "ბორჯომი-ლიკანის” გაყიდვას კიდევ ერთხელ, რამდენიმე მილიონით იაფად შეეცდება
„საპარტნიორო ფონდმა“ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შემდგომი განვითარების მიზნით, საჯარო აუქციონი მესამედ გამოაცხადა.

ფასი იმაზე ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე პირველი და მეორე აქციონების შემთხვევაში იყო. ამჯერად სასტუმროს საწყისი ღირებულება 24 041 861 აშშ დოლარია, მაშინ, როცა თავდაპირველ აუქციონზე (2019 წლის ნოემბერი) საწყისი ღირებულება - 37 565 408 აშშ დოლარი, მეორე აუქციონზე კი, რომელიც 2020 წლის 4 სექტემბერს გაიმართა, სასტუმროს საწყისი ფასი 30 052 326 აშშ დოლარით განისაზღვრა.

როგორც „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აუქციონი 2021 წლის 2 აგვისტოს გაიმართება.

„საპარტნიორო ფონდი“ პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობს სასტუმროს აქტივების 10-წლიან აღნაგობა/იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ შესყიდვის მინიმალური საწყისი ფასი 24 041 861 აშშ დოლარია. აღსანიშნავია, რომ ეს წარმოადგენს მხოლოდ შესყიდვის შემთხვევაში გადასახდელ თანხას და არა - იჯარის ან აღნაგობის საფასურს. იჯარის და აღნაგობის წლიური ქირა/საფასურია აუქციონში დაფიქსირებული შესყიდვის ფასის 8%.

აუქციონის პირობების გაცნობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უკვე დღეიდან შეეძლება ელექტრონულ მისამართზე: www.eauction.ge, აუქციონის განაცხადის ნომერი: 117207RBS72121821, ლოტის ნომერი: 721218, აუქციონის ნომერი: 117207.

სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ კუთვნილებაში 156 600 კვ.მ მიწის ფართობი და სასტუმროს შენობა-ნაგებობები შედის. „საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში რჩება მიმდებარე მიწის ნაკვეთი - 234 425 კვ.მ, მისი შემდგომი განვითარების მიზნით, ფონდი მზადაა, ინვესტორების დაინტერესების შემთხვევაში, საინვესტიციო პროექტები განიხილოს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ტერიტორიას ესაზღვრება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული „რომანოვების სასახლე“ და 8 ჰა-მდე ისტორიული პარკი, სადაც რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროცესის დასრულებისთანავე იგეგმება მასშტაბური სამუზეუმო კომპლექსის შექმნა.

საჯარო აუქციონი 2021 წლის 2 აგვისტოს, 14:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდის“ ოფისში გაიმართება. სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ახალი მესაკუთრე ან მოიჯარე აუქციონის წესით გამოვლინდება“,
- აღნიშნულია განცხადებაში.

„ბორჯომი ლიკანი“ 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, სულ 151 ნომრით. აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, სს “ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალმა” 2019 წელი 9,912-მილიონიანი ზარალით დაასრულა, 2020 წელი კი 4,458 მლნ ლარის ზარალით.

„საპარტნიორო ფონდი“ „ბორჯომი ლიკანის“ 100%-იან წილს 2018 წლის ზაფხულიდან ფლობს. სწორედ იმ პერიოდში ქართულმა მხარემ ყაზახი პარტნიორებისგან 50%-იანი წილი გამოისყიდა.
| Print |