ეკონომიკა
საქართველოში უმუშევრობის დონე 3.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით გაიზარდა და 22.1% შეადგინა.

ამავე პერიოდში, სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1%-ით მეტია, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.0%-ით და 40.1%-ს შეადგენს.

„2021 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.5%-ს შეადგენდა, რაც 0.7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 6.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2021 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 5.7 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2021 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.7%-ს, ხოლო კაცებში 63.7%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.0 პროცენტული პუნქტით. 2021 წლის II კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 0.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით“,-
აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.
| Print |