ეკონომიკა
აბასთუმანში $30 მლნ-იანი სასტუმროს გახსნა 2024 წლამდე გადაიდო
აბასთუმანში, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის სასტუმრო „აღობილის“ მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოსაა დაგეგმილი - ამის შესახებ მედიას კომპანია „რედიქსში“ 2019 წელს განუცხადეს, თუმცა როგორც ირკვევა, პანდემიამ და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ კურორტ აბასთუმნის მიმართ გამოხატულმა ინტერესმა, „რედიქსს“ ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებული გეგმები დააკორექტირებინა.

დღეს კომპანიაში აცხადებენ, რომ 30 მლნ დოლარის ღირებულების 140-ნომრიანი პრემიუმ კლასის სასტუმრო „აღობილის“ გახსნა კურორტის გახსნის პარალელურად, 2024 წლისთვის იგეგმება.

„სასტუმრო კურორტის გახსნის პარალელურად ამოქმედდება, რაც სახელმწიფოსა და დეველოპერებს შორის მოლაპარაკების საგანია. ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამშენებლო სამუშაოები შედარებით ნელი ტემპით, შეფერხებების ფონზე მიმდინარეობდა, აქედან გამომდინარე, ამჟამად კარკასული ნაწილი მორჩენილია და ფასადის მოპირკეთების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს“, - აცხადებენ „რედიქსში“.

„რედიქსში“ განმარტავენ, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ გამოყოფილი თანხა, რომელიც 6.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ჯერჯერობით ათვისებული არ არის. ფონდის ფინანსური რესურსის ათვისება მშენებლობის აქტიური ფაზის განახლების პარალელურად იგეგმება“, - ამბობენ ინვესტორ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, სასტუმროს გახსნის შემდეგ იქ 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

კომპანიაში ირწმუნებიან, რომ „აღობილი“ ობსერვატორიის მეცნიერულ საქმიანობას არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

„კომპანია „რედიქსის“ წარმომადგენლები ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში, ობსერვატორიის ადმინისტრაციას საკუთარი ინიციატივით შეხვდნენ. შეხვედრის ფარგლებში აბასთუმნის ობსერვატორიის წარმომადგენლებს გავაცანით მიმდინარე პროექტი და ობსერვატორიის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად ტექნიკურ დეტალებზე ვიმსჯელეთ. ამასთან, მსჯელობის ერთ-ერთი საგანი სწორედ სპეციფიური განათებები იყო. ვაფიქსირებთ, რომ პროექტში გათვალისწინებულია სწორედ ისეთი სპექტრის სპეციფიური განათება, რომელიც ვარსკვლავებზე დაკვირვებასა და ობსერვატორიის გამართულ მუშაობას არ შეუშლის ხელს. სასტუმრო „აღობილის“ პროექტის ავტორი წამყვანი საერთაშორისო არქიტექტორული კომპანია Henning Larsen - ია, რომელთაც ადგილზე შეისწავლეს სრული სპეციფიკაცია, მათ შორის ობსერვატორია და მის მიხედვით დააპროექტეს ობიექტი“, - განუცხადეს bm.ge - სთან „რედიქსში“.



| Print |