ეკონომიკა
კვერცხი 10-15 თეთრით გაძვირდება - მეფრინველეობის ასოციაცია
საქართველოს კვერცხის მწარმოებელი ფირმების განცხადებით, ქვეყანაში გაზრდილი კომუნალური გადასახადების და არასტაბილური ბიზნეს გარემოს გამო, კომპანიების მოგება მცირდება, რაც დიდი წნეხია ბიზნესისთვის. ამ მიზეზით, მათ, უახლოეს დღეებში კვერცხის ფასის 10–15 თეთრით გაძვირება მოუწევთ. აღნიშნულზე კვერცხის მწარმოებლებმა ტვ პირველის „საქმიან დილაში“ განაცხადეს.

„მეფრინველეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა 2022 წლის იანვრიდან სრულდება, რაც ამ ბიზნესს ფინანსურ წნეხში ჩააყენებს, გამოსავალი კი მხოლოდ პროდუქტის ფასის მატებაა.

,,კვერცხი, შეიძლება, კონკრეტულად 10%-ით გაძვირდეს, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, კვერცხის ფასი, დაახლოებით, 15%-მდე გაიზრდება, თუ არაფერი სასიკეთო არ მოხდა. ხორბალი 1.2 ლარი ღირს, როდესაც ჩვენ წელი 0.9 ლარზე გვქონდა დაგეგმილი. წარმოიდგინეთ რამხელა სხვაობაა, ერთი კვირა კიდევ შევხედავთ და თუ ხორბალი კიდევ გაძვირდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ყველაზე ძალიან ფასის ზრდა მწარმოებელს არ სიამოვნებს, რადგან ამ დროს რეალიზება იკლებს და იზრდება თვითღირებულება, რომელიც აგებულია იმ კომპონენტებზე რომლის ფასი ბოლო 1.5 წელია რეკორდებს ხსნის“,- განაცხადა მან საქმიან დილაში.

| Print |