ეკონომიკა
გაძვირებული პური და ფასის შენარჩუნებაში გახარჯული მილიონები
საქართველოში პურპროდუქტებზე ფასები 13,2 %-ით გაძვირდა - ეს ბოლო ერთი წლის ოფიციალური სტატისტიკაა. პანდემიის დასაწყისში, როცა მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ღირებულებამ ზრდა დაიწყო, მთავრობის წარმომადგენლები გვარწმუნებდნენ, რომ პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობდა. ამ დაპირების შესასრულებლად ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა სუბსიდიაში, რომელმაც პურის ფასის შენარჩუნება მხოლოდ რამდენიმე თვით, ისიც ნაწილობრივ შეძლო.

ფქვილზე გაზრდილი ფასის პარალელურად, სუბსიდირების სარგებელი ვერ შეეხო მცირე საცხობებს. ამ ბიზნესის მფლობელები “მეცხრე არხთან” ამბობენ, რომ პროგრამის მიმდინარეობისას, ფქვილს სხვებთან შედარებით ძვირად ყიდულობდნენ, რის გამოც ბევრ მათგანს ზარალზე მოუწია მუშაობა.


საქართველოში, ყოველწლიურად დაახლოებით 600–700 ათასი ტონა ხორბალს მოვიხმართ. პროდუქციის 90%–მდე იმპორტირებულია. ქვეყანაში მარცვლეული ძირითადად რუსეთიდან შემოდის. ხორბალს ვყიდულობთ ასევე ყაზახეთიდან და უკრაინიდან.

პანდემიის გამო შექმნილ ფასების კრიზისს წელს ისიც დაემატა, რომ რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე ახალი გადასახადი შემოიღო, რაც ერთი ტონა ხორბლის ფასს, დაახლოებით, 65 აშშ დოლარით აძვირებს. ეს ყველაფერი პურის სამომხმარებლო ფასშია ასახული.

ხორბლისა და პურის მწარმოებლები მთავრობისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. ისინი ხელისუფლებას საგადასახადო მექანიზმების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

მცირე ბიზნესი არაჯანსაღი კონკურენციის პირობებში

პურის გაძვირებამ, მომხმარებლის შემდეგ, ყველაზე მეტად მცირე ბიზნესი დააზარალა. ახალციხეში არსებული საცხობების მეპატრონეები, “მეცხრე არხთან” ამბობენ, რომ პურზე ფასის შენარჩუნების მცდელობისას გარკვეული პერიოდი ზარალზეც მოუწიათ მუშაობა.

ანტონ ხეჩაშვილი ახალციხის ცენტრში მცირე ზომის საცხობს ფლობს. მთელი პანდემიის განმავლობაში პურზე ფასის შენარჩუნება მცირე მოგებით, ზოგ შემთხვევაში კი ზარალზე მუშაობის ხარჯზე შეძლო.

,,თავს ვიკავებდით [ფასების მომატებისგან] სანამ შეგვეძლო იქამდე, რამდენიმე კვირაა უკვე ჩვენთანაც გაძვირდა. აქამდე, ასე თუ ისე, ვაბალანსებდით, მაგრამ ფასები აწეულია ყველაფერზე და ჩვენც იძულებული გავხდით 10–15 თეთრით მოგვემატებინა” – ამბობს ანტონ ხეჩაშვილი.

ფასების მომატების საფუძველი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში იყო და მას შემდეგ, პურის თვითღირებულება ეტაპობრივად იზრდებოდა. როგორც ანტონი ჰყვება, მის საცხობს არც სახელმწიფო სუბსიდიით მიუღია სარგებელი, რომელიც მწარმოებლებს საშუალებას აძლევდა პირველი ხარისხის ფქვილი საბაზროზე დაბალ ფასად, 53 ლარად შეეძინათ.
“ჩვენ ყველანაირი შეღავათის გარეშე ვცდილობდით კონკურენცია გაგვეწია უფრო მსხვილი საწარმოების პურთან და არ გაგვეზარდა ფასი, ამიტომ ბევრი თვე ზარალზე დავხურეთ, ახლაც, გაძვირების მიუხედავად, შეიძლება ისევ ზარალზე ვიყო, იმდენადაა გაძვირებული ყველაფერი”, – ამბობს ანტონ ხეჩაშვილი და ამატებს, რომ გაძვირების შემდეგ მათთან კლიენტის რაოდენობაც საკმაოდ შემცირდა.

17 მილიონი პურის ფასის დროებით შენარჩუნებისთვის და მმართველი პარტიის დამფინანსებლები სახელმწიფო პროგრამაში

,,სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ პურზე ფასი არ მოიმატებს", - ეს დაპირება სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2020 წლის 27 ნოემბერს დადო. მან პურის ფასის შენარჩუნების გარანტად სუბსიდირების პროგრამა დაასახელა. პროექტის თანახმად, სახელმწიფო, პურის საცალო ფასის შენარჩუნების მიზნით, პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზატორებს თანხას გადაუხდიდა იმის სანაცვლოდ, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 53 ლარზე მეტი არ გამხდარიყო. პროგრამის თავდაპირველი ბიუჯეტი 10 მილიონი ლარი იყო და 2021 წლის აპრილამდე უნდა გაგრძელებულიყო.

მთავრობის მიერ დაწესებული სუბსიდია მხოლოდ ფქვილის მსხვილ რეალიზატორებს შეეხო. პირობების თანახმად, პროგრამაში მონაწილეობა მხოლოდ ისეთ კომპანიებს შეეძლო, რომლებსაც უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში 120 ტონა ფქვილზე ნაკლები შესყიდული არ ჰქონდა.

ექსპერტების შეფასებით, ამ დათქმამ არათანაბარ პირობებში ჩააყენა ბიზნესი, რამაც ბაზარზე არაკონკურენტული გარემო შექმნა. პურის ფასი კი ზოგიერთ რეგიონში პროგრამის ამოქმედებიდან მალევე გაიზარდა.

მოგვიანებით, 2020 წლის აპრილში პროგრამის განხორციელების პერიოდი შვიდ თვემდე, ბიუჯეტი კი 17 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ “ მეცხრე არხისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის ფარგლებში 54 000 ტონა ფქვილის სუბსიდირება განხორციელდა. მასში მონაწილეობა კი რვა კომპანიამ მიიღო.

ამ კომპანიებთან დაკავშირებული პირების ნაწილი მმართველი პარტიის პოლიტიკური შემწირველებიც არიან. ისინი “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას სხვადასხვა პერიოდში აფინანსებდნენ.

ერთ–ერთი ასეთი კომპანია შპს “ბეღელია”, რომლის დირექტორმაც, ბოლო ორ წელიწადში, “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა. რეესტრის თანახმად, კომპანიის მესაკუთრე ყაზახეთში რეგისტრირებული შპს “ნომად ასეტსია”, დირექტორი კი ვლადიმერ ბიძინაშვილი.

ბენეფიციარებს შორისაა შპს “ბერვილი ჯგუფიც”, რომლის 99%–ს ბიზნესმენი ნურუ ჩანქსელიანი ფლობს. იგი მმართველ გუნდს 2016 წლიდან აფინანსებს და ჯამში ამისთვის 50 000 ლარამდე აქვს დახარჯული.

ოცნების სოლიდური შემწირველები არიან სუბსიდირების პროგრამაში მონაწილე კიდევ ერთ კომპანიასთან, შპს “ჯეომილთან” დაკავშირებული პირები. ამ კომპანიის დირექტორი ბესიკ ბეჟაშვილია, რომელმაც “ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი შესწირა, 2016 წელს. კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიები ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული, 4%–ს კი სააქციო საზოგადოება “პონტო კაპიტალი” ფლობს, რომლის დირექტორიც ასევეა “ქართული ოცნების” შემწირველების სიაში.

მიუხედავად თხოვნისა, სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციიდან გაურკვეველია, რომელ კომპანიას რამდენი შეხვდა სუბსიდირების პროგრამით გათვალისწინებული 17 მილიონი ლარიდან.

რაში ხედავენ გამოსავალს და რა მოლოდინი აქვთ დარგის სპეციალისტებს

ვინაიდან მიმდინარე წლის ხორბლის მარაგი ხორბლის მწარმოებელ ქვეყნებში უკვე აღებულია, ექსპერტები მარცვლეულზე ფასის ზრდას, მინიმუმ ახალ მოსავლამდე არ ელიან. თუმცა, შეიცვლება თუ არა ქვეყანაში პურის ღირებულება ახლო მომავალში, ეს მარცვლეულის ფასის გარდა, ბევრ სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ 2021 წლის ივნისიდან, რაც რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე ახალი გადასახადი, ე.წ “მცურავი ბაჟი” შემოიღო, საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დადგა. დღევანდელი მოცემულობით, რუსეთიდან მზა ფქვილის შემოტანა უფრო იაფია, ვიდრე იმპორტირებული ხორბლისგან ადგილზე წარმოება (ფქვილზე აღნიშნული გადასახადი არ ვრცელდება). ეს კი საფრთხეს უქმნის როგორც წისქვილკომბინატების მუშაობას, ისე ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას.

,,იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წისქვილკომბინატების წარმოებული ფქვილი, ფასის მხრივ ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულს, რამდენიმე წისქვილმა უკვე შეაჩერა მუშაობა. შესაბამისად, გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რამაც ხორბლის მარაგების შემცირება გამოიწვია. უნდა იყოს თანაფარდობა ისეთი, რომელიც სასურსათო უსაფრთხოებას არ დააზიანებს. ამის პარალელურად, ქვეყანამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მოსახლეობის კეთლდღეობაზე პურის გაძვირება მტკივნეულად არ აისახოს”, – აღნიშნავს ლევან სილაგავა “მეცხრე ახრთან”. მისივე ინფორმაციით, მსგავსი ინიციატივით სექტორმა მთავრობას უკვე მიმართა.

,,მაგალითად, როდესაც მუშაობს წისქვილკომბინატი, ის უშვებს როგორც ფქვილს ისე ქატოს, ასაქმებს ადამიანებს, ბიუჯეტში შეაქვს შენატანი და სტრატეგიულ მარაგებს ქმნის. თუ შევხედავთ პურის ფასთან მიმართებაში და ერთად განვიხილავთ, ბიუჯეტში როცა შეაქვს რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ამ ბიუჯეტში შენატანით, პურის ფასის მატებას რომ გაუკეთო კონპენსირება, მხოლოდ რამდენიმე მილიონი დასჭირდება ათეულობით მილიონიდან. სიტყვაზე, 10 მილიონი შედის ბიუჯეტში წისქვილკომბინატების გადასახადების სახით, აქედან 1,5 მილიონი ლარი ეყოფოდა სოციალურად დაუცველთათვის 10 თეთრით ფასის შემცირებას. ამ წინადადებით მივმართეთ მთავრობას და ველოდებით რეაგირებას”, – აღნიშნავს ლევან სილაგავა.

ამ კუთხით საგადასახადო სისტემის გადახედვას აუცილებლად მიიჩნევს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძეც, თუმცა ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით, მისი პოზიცია განსხვავებულია. ის ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში, ყველაზე კარგი გამოსავალი იქნება, პურის ფასის გადასახადების ხარჯზე დაბალანსება.

,,პურის თვითღირებულებაში საგადასახადო ტვირთი არის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. მაგალითად, აზერბაიჯანმა პურ-პროდუქტებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი მთლიანად გააუქმა. ზოგიერთ ქვეყანაში კი, სხვა პროდუქტებთან შედარებით, ეს გადასახადი 10%–ს არ აღემატება”, – აღნიშნავს დოლიძე “მეცხრე არხთან” საუბარში.

პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ვარაუდით, უახლოეს პერიოდში პურის ფასის ზრდა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი კომპონენტების გაძვირებამ, როგორებიცაა ენერგომატარებლები, ლოჯისტიკა, პურის შესაფუთი მასალები და სხვა.

,,ახალი მოსავლის აღებამდე, მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილება მოსალოდნელი არაა”, – ამბობს მალხაზ დოლიძე.

რაც შეეხება სასურსათო უსაფრთხოების რისკებს, დარგის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ამ კუთხით ქვეყანას საფრთხე არ დაემუქრება, თუ საჭირო რაოდენობის ხორბალს მოსავლის აღების პერიოდში მოვიმარაგებთ. ,,საერთოდ კარგი იქნება, როცა ხორბლის აღების პერიოდია, იქ სადაც მოდის ეს ხორბალი, გავაკეთოთ რაღაც მარაგები და არ შევქმნათ ბარიერები, თუნდაც ფქვილის შემოტანაზე და თუნდაც ხორბლის, რომ ბეღელი გვქონდეს სავსე.

მე ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა იყოს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები დაცული. აი მაგალითად, ბოლო დღეებში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დადებითი ტენდენციებია ფქვილის ფასთან დაკავშირებით. ეს იმიტომ, რომ როცა იმპორტული ფქვილი კონკურენციაში შემოდის, წისქვილებიც ამცირებენ ფასს”,
– ამბობს მალხაზ დოლიძე.

გაეროს სოფლის მეურნეობის სააგენტოს რეკომენდაციით, ქვეყანას სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ხორბლის მინიმუმ ორი თვის მარაგი (80 000 ტონა) უნდა ჰქონდეს დასაწყობებული. ექსპერტების პროგნოზით, თუკი ქვეყანაში ფქვილის მასობრივი იმპორტი გაგრძელდება და წისქვილკომბინატების მუშაობას საფრთხე შეექმნება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დადგება. ეს ყველაფერი იმოქმედებს ფასზეც, რადგან არავინ იცის, როდის შემოიღებს რუსეთი ხორბლის ანალოგიურ გადასახადს ფქვილის ექსპორტზე. ამიტომ სპეციალისტები გამოსავალს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებასა და რუსულ ხორბალზე დამიკიდებულების შემცირებაში ხედავენ.

| Print |