ეკონომიკა
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა
2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა.

კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,9%-დან 15,6%-მდე მოიმატა. ამავე მაჩვენებლების მიხედვით, სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ყველაზე მეტად იურიდიული პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს შეეხო. 2020 წლის ოქტომბერის მონაცემებით, იურიდიული პირების სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 11,3%-ს, ხოლო წელს უკვე 12,5%-ს. ფიზიკური პირების შემთხვევაში კი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ 17,5%-დან 17,8%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება, თუმცა მინიმალური. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,8%-ს, წელს ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 6,1%-მდე შემცირდა. ამასთან, იურიდიული პირებისთვის განაკვეთი 7%-დან 6,5%-მდე შემცირდა, ფიზიკური პირების სესხებზე განაკვეთი კი 6,4%-დან 5,3%-მდე შემცირდა.
| Print |