ეკონომიკა
ტურიზმის აღდგენის ფუჭი მოლოდინი და გაურკვეველი პერსპექტივა
პანდემიური 2020 წელი საქართველოში ყველაზე დამანგრეველი მაინც ტურიზმისთვის აღმოჩნდა. პანდემიის საწყის ეტაპზე, როცა საზღვრები ტურისტებისთვის დაკეტილი იყო, ქვეყანაში კი საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, ტურისტული ობიექტების მოგება ნულზე დავიდა. მუშაობა შეაჩერეს ტურისტულმა კომპანიებმა, დაიკეტა სასტუმროები და მრავალი სხვა ობიექტი. ამან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყანა როგორც ქვეყნის, ისე მუნიციპალურ ბიუჯეტს, მათ შორის ახალციხეში. საჭირო გახდა მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული და საკუთარი შემოსავლების გარეშე დარჩენილი ტურისტული ობიექტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდირება. კერძო სექტორის დასახმარებლად სახმემწიფომ აამუშავა პროგრამა, რომელიც გადასახდების გადავადებასა და საბანკო სესხის პროცენტის სუბსიდირებას გულისხმობდა.

ეკონომიკის სამინისტრომ, 2020 წლის მაისში, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმაც დაისახა, რომელიც დარგის სწრაფი ტემპით ამუშავებას პროგნოზირებდა. მთავრობის მაშინდელი გეგმით, საქართველო კოვიდისგან უსაფრთხო ტურისტული ზონა უნდა გამხდარიყო. როგორც კოვიდის გავრცელების, ისე საქართველოში შემოსული ვიზიტორებს სტატისტიკა აჩვენებს, გეგმით დასახულ მაჩვენებლებს საქართველო მცირედითაც ვერ მიუახლოვდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წლის ათ თვეში საქართველოს ტურისტული მიზნით 1,3 მილიონამდე ვიზიტორი ეწვია. ეს რიცხვი მცირედით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო 2019 წელთან შედარებით თითქმის სამჯერ ნაკლებია.

პანდემიამდე, ტურისტული ინდუსტრია, როგორც მთელ ქვეყანაში, ისე სამცხე–ჯავახეთშიც მზარდი იყო.

შოთა გიქოშვილმა ახალციხეში ტურისტული სააგენტო, მეგობრებთან ერთად, ექვსი წლის წინ დააფუძნა და შექმნის დღიდან, საკმაოდ აქტიურად მუშაობდა. კომპანია საქართველოში ტურისტებს ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან, უფრო ხშირად კი პოლონეთიდან მასპინძლობდა. კომპანია პილიგრიმულ და ეკო ტურიზმზე მუშაობდა, მაგრამ პანდემიამ მისი საქმიანობა მთლიანად შეაჩერა.

2020 წლის დასაწყისში შოთა კომპანიის გაფართოებას გეგმავდა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. მიყენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ საზღვრების გახსნისა და ტურიზმის ამუშავების მიუხედავად, კომპანიამ საქმიანობის სრულყოფილად გაგრძელება ვეღარ შეძლო.

,,წელს მხოლოდ რამდენიმე ტური მქონდა, ისიც მცირემასშტაბიანი. პანდემიის დასაწყისში მივიღე ერთჯერადი დახმარება, მაგრამ მიყენებულ ზარალთან შედარებით ეს იყო საკმაოდ მიზერული თანხა. დარტყმა იმდენად დიდი იყო სექტორისთვის, რომ ვერანაირი დახმარება თუ შეღავათი ვერ დააკომპენსირებდა ამ ზარალს”, – ამბობს შოთა.

სამცხე–ჯავახეთში ბევრი ისეთი ტურისტული ობიექტია, რომელიც უცხოელ დამსვენებლებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ერთ–ერთი ასეთია ახალციხის ციხე, რომელიც პანდემიამდე ყოველწლიურად ტურისტების მზარდ ნაკადს მასპინძლობდა. ა(ა)იპ-ი საკუთარი შემოსავლებით ყველა ხარჯს ისტუმრებდა და 2019 წლიდან მუნიციპალიტეტისგან სუბსიდიის მიღებაც შეწყვიტა. 2020 წლიდან კი ციხის ერთადერთი შემოსავალი კვლავ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრები გახდა. ტურისტული ობიექტისთვის სუბსიდიის გამოყოფა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტშიცაა გათვალისწინებული და 400 000 ლარს შეადგენს. ა(ა)იპ–ში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის ვიზიტორების სტატისტიკა, 2020–თან შედარებით, დამაიმედებელია, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულს ჯერ არ მიახლოებია.

“ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ვიმედოვნებთ, თუ ყველაფერი კარგად იქნება და ხელს აღარაფერი შეგვიშლის (ვგულისხმობთ პანდემიას), ასეთი ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას და პანდემიამდე არსებულ ნიშნულს მომავალ წელს მივაღწევთ” – მოგვწერეს “ახალციხის ციხიდან”.

მათივე ინფორმაციით, 2019 წლის ბოლო მონაცემებით, კომპლექსს 159 828 ტურისტი ესტუმრა, 2020 წელს - 37 440 ვიზიტორი, 2021 წელს ოქტომბრის ჩათვლით კი 55 925 ადამიანს უმასპინძლეს.

შემოსავალი შეუმცირდა ბორჯომის ცენტრალურ პარკსაც, რომელიც ასევე მუნიციპალური ა(ა)იპ–ია. პარკის დირექტორი, მერაბ იობაშვილი “მეცხრე არხთან” ამბობს, რომ 2020 წლის განმავლობაში ობიექტს, გადასახადის სახით, თითქმის არაფერი მიუღია, რის გამოც მუნიციპალიური ბიუჯეტიდან 300 ათას ლარიანი სუბსიდიით ისარგებლეს. 2021 წლის განმავლობაში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის პარკში შესვლა უფასო გახდა, საკუთარი შემოსავალი ხარჯების დასაფარადაც არ ეყო. შესაბამისად, ისტორიულ პარკის დაფინასებას მერია 2022 წელსაც გეგმავს.

,,წელს, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელი სტუმრების რიცხვიც, მაგრამ 2019-თან შედარებით, ეს საკმაოდ მცირეა. ადგილობრივი ტურიზმის კუთხით ბევრად უკეთაა საქმე, მაგრამ ესეც არ არის ის, რაც ვირუსამდე იყო”, – ამბობს მერაბ იობაშვილი.

სტატისტიკის სამსახურის თანახმად, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით 9.4 მილიონამდე ტურისტი იყო საქართველოში. სექტორში 150 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. მათ დასახმარებლად სახელმწიფომ, 2020 წლის პირველ ნახევარში აამოქმედა პროგრამა, რომელიც ბიზნესისთვის გადასახადების გადავადება/გაუქმებას, სესხების სუბსიდირებას, ხოლო მოქალაქეებისთვის პირდაპირ ფინანსურ კომპენსაციას ითვალისწინებდა. კონკრეტული მაგალითები აჩევენებს, რომ ამ დახმარებით უამრავმა მოქალაქემ და ბიზნესმა ვერ ისარგებლა. გარდა ამისა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2020–დან აღარ აწარმოებს უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკურ საველე სამუშაოებს, რის გამოც ტურისტების მიერ საშუალოდ დახარჯული თანხის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ მოიპოვება.

2020 წლის დეკემბერში, ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების შესახებ ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა “აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნულმა პლატოფრმამ”. კვლევის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა საშუალოდ 75-80%-ით შემცირდა, რაც სექტორისთვის (წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით) 2.3 - 2.5 მლრდ აშშ დოლარის დანაკარგია. კვლევაში შეფასებულია ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული დახმარებების პაკეტიც.

,,ჯამში სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები შეფასდა უარყოფითად, რადგანაც ის არ არის მიმართული თანამშრომელთა შენარჩუნების მექანიზმებზე, რაც ბიზნესებს გადარჩენის საშუალებას არ უტოვებს, უფრო მეტიც, დახმარებების ძირითადი ვექტორი იყო მიმართული სასტუმროებზე და ტურიზმის სხვა დანარჩენი რგოლი, ფაქტობრივად, იყო უგულვეებელყოფილი”, – ნათქვამია კვლევაში.

ტურიზმის ექსპერტი ვატო ასათაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა დამღუპველი აღმოჩნდა, ვინაიდან ბიზნესის სექტორს ცრუ მოლოდინი შეექმნა.

,,მარტის დასაწყისში საქართველოს რეკლამა გაუშვეს საერთაშორისო მედიაში, რომ იქნებოდა პირველი მწვანე ქვეყანა, რომელიც გაიხსნებოდა. ამან მოტივაცია მისცა ბიზნესსაც, რომ ხელგაშლილად დაეწყო მზადება, მაგრამ დავინახეთ შედეგი, დიდმასშტაბიანი ლოქდაუნი, რომელიც ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდა. მეორე, ასევე უპასუხისმგებლო ნაბიჯი მთავრობის მხრიდან იყო აბსოლუტურად მოუმზადებელი ქვეყნის გახსნა, რის შემდეგაც წამოვიდა მეორე ტალღა”, – ამბობს ასათაშვილი.

ტურიზმის სფეროს ექსპერტის აზრით, ,,სხვადასხვა უპასუხისმგებლო რეგულაციამ, უდროო ჩაკეტვა–გახსნამ იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, სადაც ახლა ვართ. ინდუტრია დაზარალებულია, ბიზნესმოთამაშეების უმრავლესობა გაკოტრდა ან საერთოდ გავიდა ბაზრიდან, ეკონომიკა კი განადგურებულია. მთავრობის წარმომეადგენლები კი კვლავ აგრძელებენ ცრუ მოლოდინის შექმნას”.

ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ ტურიზმის ინდუსტრია სწრაფი ტემპით აღდგენას მალე დაიწყებს. არსებობს თუ არა ტურიზმის პანდემიამდელი მდგომარეობის აღდგენის ობიექტური საფუძველი, ჯერ–ჯერობით გაურკვეველია. ექსპერტების აზრით, პანდემიის დღევანდელი მასშტაბებიდან გამომდინარე, რთულია ამის პროგნოზირება.

| Print |