ეკონომიკა
ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა - ფინანსთა მინისტრი
ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით ლარმა გამყარება მაისიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

"ბოლო დღეებში, როცა საქართველოში მნიშვნელოვნად გამყარდა ლარი, ბუნებრივია, ლარმა იპოვა ახალი წონასწორობის წერტილი, იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც არის ქვეყანაში და ამ მიმართულებით მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება უფრო სტაბილური მდგომარეობა.

მით უმეტეს ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში იქნება 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ყველა ის პარამეტრი, რომელიც ლარის კურსსა და ეკონომიკურ ზრდაზე მიანიშნებს, მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ტურიზმის ნაწილში არ გვქონდა მოლოდინი, რომ იანვარში 70%-ს მიაღწევდა აღდგენა, 2019 წელთან მიმართებაში. ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, ეს იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საქართველოში ეკონომიკური ზრდის. მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად იზრდება ექსპორტი. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე გადმორიცხვები, რომელიც ასევე იზრდება“,
- განაცხადა ხუციშვილმა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0008 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9934 ლარი იყო.
| Print |