ეკონომიკა
შემცირდა თუ არა რეალურად საქართველოში უმუშევრობა?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 19 პროცენტი შეადგინა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ თითქოს უმუშევრობა ქვეყანაში მცირდება, თუმცა სურათის უკეთ დასანახად შეგვიძლია რამდენიმე გარემოებზე გავამახვილოთ ყურადღება:

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში არსებული უმუშევრობის დონე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირდა. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა (განსაკუთრებით მეორე ნახევარში), ფაქტობრივად, გაჩერებული იყო, რასაც მოჰყვა კრიზისი და შესაბამისად, რეცესია. აქედან გამომდინარე 2021 წლის სტატისტიკის 2020 წელთან შედარება ბევრ პოზიტიურს ვერაფერს მოგვცემს. უფრო მეტი ობიექტურობისთვის 2021 წლის მეოთხე კვარტლის სტატისტიკა შეგვიძლია 2019 წლის, ანუ პანდემიამდელ მაჩვენებელს შევადაროთ. როგორც მონაცემები გვიჩვენებს, 2019 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის ბუნებრივმა დონემ საქართველოში 16.6% შეადგინა. შესაბამისად, გამოდის, რომ გასული წლის ბოლოს უმუშევრობა 2019 წელთან შედარებით გაზრდილია. სხვა რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, 2019 წლის ბოლოს დასაქმების დონე ქვეყანაში 42.1%-ს შეადგენდა, ეს მაშინ როცა 2021 წლის ბოლოს იგივე დასაქმების დონე 41.5% იყო.

იმის გასაგებად რეალურად მცირდება თუ არა უმუშევრობა, შეგვიძლია სხვა გარემოებასაც შევეხოთ. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობა მესამე კვარტალთან შედარებითაც შემცირებულია, კერძოდ, მესამე კვარტალში უმუშევრობის ბუნებრივი დონე 19.5%-ს შეადგენდა, ხოლო როგორც უკვე ვახსენეთ, მეოთხე კვარტალში ეს მაჩვენებელი 19%-მდე შემცირდა. აქ ჩნდება ლოგიკური კითხვა - რის ხარჯზე შემცირდა უმუშევრობა? ახალი სამუშაო ადგილების ხარჯზე? სამწუხაროდ - არა. 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით უმუშევრობა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შემცირდა, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობამ დაიკლო. ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მუშაობის დაწყების სურვილი ჰქონდათ და ვერ იწყებდნენ, მათ უბრალოდ თავი დაანებეს სამსახურის ძებნას ან მიგრაციაში წავიდნენ.

bpn.ge
| Print |