ეკონომიკა
"მიწოდების ჯაჭვში მცირედი პრობლემებია" - აგარის შაქარი
„აგარის შაქრის“ ქარხანამ მარტის თვიდან დაიწყო გეგმური რემონტი და აპრილის თვეში სრული დატვირთვით ამუშავდება - ამის შესახებ ქარხნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.

შაქრის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში პირველადი დანიშნულების პროდუქტის პანიკური შესყიდვები დაიწყო და დახლებიდან გუშინ, შაქარი პრაქტიკულად გაქრა.

ქარხანაში ამბობენ, რომ მიწოდების ჯაჭვში ლოჯისტიკური პრობლემა ნამდვილად იყო, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„მიწოდების ჯაჭვში მცირედი პრობლემებია, ისიც ლოჯისტიკური საკითხებიდან გამომდინარე. ქვეყანაში პანიკური შესყიდვები მიმდინარეობს, მაგრამ პანიკის საფუძველი არაა, პროდუქციის ნაშთი გვაქვს და დამატებით მარაგების გაზრდისთვის აზერბაიჯანიდან იმპორტს ვახორციელებთ, სანამ ქარხანა მუშაობას დაიწყებს. ქართული შაქრის წარმოებისთვის ნედლეული შეკვეთილია, გემი გზაშია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოსახლეობას ვთხოვ, პანიკას ნუ დათესავენ", - აცხადებენ საწარმოში.

მათივე ინფორმაციით, ქარხნის წარმადობა დღე-ღამეში 400-500 ტონაა.

ინფორმაციისთვის, ნედლეული საქართველოში დამზადებული შაქრისთვის ბრაზილიიდან შემოდის. ბრაზილიაა ლიდერი 2021 წელს მზა პროდუქტის, შაქრის იმპორტშიც, საიდანაც გასულ წელს 57 875 ტონა (28,201 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა. უკრაინა და რუსეთი შაქრის იმპორტის კუთხით ათეულში არ ხვდებიან.

| Print |