ეკონომიკა
თებერვალში შაქრის იმპორტი შემცირდა, მარილის კი გაიზარდა
2022 წლის თებერვალში საქართველოში შაქრის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით შემცირდა. კერძოდ, გასულ თვეს ქვეყანამ 738,9 ტონა შაქარი იყიდა (496 ათასი დოლარის ღირებულების), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 236 ტონა (1,201 მლნ დოლარის ღირებულების).

2022 წლის იანვარ-თებერვალში კი ქვეყანაში სულ 6 435 ტონა შაქარი შემოვიდა (3,628 მლნ დოლარის ღირებულების), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 4 838 ტონა (2,419 მლნ დოლარის ღირებულების).

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს თებერვალში საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით შაქარი პოლონეთში შეიძინა - 702 ტონა (432,6 ათასი დოლარი), მეორე ადგილზეა - აზერბაიჯანი - 18,6 ტონა (22 ათასი დოლარი) და რუსეთი - 3,96 ტონა (8,57 ათასი დოლარი).

რაც შეეხება მარილს, აქ ზრდაა და თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, 2022 წლის თებერვალში საქართველომ მსოფლიოს 12 ქვეყანაში 8 464 ტონა მარილი იყიდა (603 ათასი დოლარის ღირებულების), წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 195 ტონა (354,9 ათასი დოლარის ღირებულების) - ზრდა 101,7%-ია. მთლიანად, 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი საქართველოში 1,299 მლნ დოლარის ღირებულების 18 720 ტონა მარილის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, გასულ თვეს საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მარილი შეიძინა თურქეთში - 5 983 ტონა (349,1ათასი დოლარი); მეორე ადგილზეა ირანი - 1 378 ტონა (86 ათასი დოლარი), სამეულშია უკრაინა - 594,3 ტონა (87,3 ათასი დოლარი).
| Print |