ეკონომიკა
სურსათზე ფასების ზრდის გამო, მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება - მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად წარმოქმნილი სასურსათო კრიზისის გამო, მსოფლიოს ადამიანური კატასტროფა ემუქრება, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა დევიდ მალპასმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სურსათზე ფასების რეკორდული ზრდის გამო ასობით მილიონი ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდება.

„ეს ადამიანური კატასტროფაა, მაგრამ ასევე ხდება პოლიტიკური გამოწვევა იმ მთავრობებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმეს გაკეთება - მათ არ გამოუწვევიათ ეს და ხედავენ, რომ ფასები იზრდება“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელმა.

მსოფლიო ბანკის გამოთვლებით, სურსათზე ფასები, შეიძლება, 37%-ით გაიზარდოს, რაც განსაკუთრებით მძიმე იქნება ღარიბი მოსახლეობისთვის.

დევიდ მალპასი მიიჩნევს, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს მთელ მსოფლიოში სასუქებისა და საკვების მიწოდების გაზრდაზე, ისევე როგორც მიზნობრივ დახმარებაზე უკიდურესად ღარიბები მოსახლეობისთვის.

interpressnews.ge
| Print |