ეკონომიკა
საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება გაიზარდა
საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვება გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს ბუნებრივი გაზის მიწოდებაში შიდა წარმოების წილი მკვეთრ ზრდას აჩვენებდა.

გასულ წელს შიდა მიწოდებამ 14,9 მლნ კუბ/მ შეადგინა, რაც 1.8-ჯერ მეტია 2020 წლის მონაცემზე და ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.

გაზრდილია მოპოვება 2022 წლის პირველ 2 თვეშიც. იანვარ- თებერვალში საქართველოს ბაზარისთვის გაზის შიდა მიწოდება 2.7 მლნ კუბ/მეტრი იყო, 80%-ით მეტი 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ბუნებრივი გაზის მიწოდების ბალანსში შიდა წარმოების მოცულობა

• 2018 წელი - 9.1 მლნ კუბ.მ
• 2019 წელი - 8.9 მლნ კუბ.მ
• 2020 წელი - 8.2 მლნ კუბ.მ
• 2021 წელი - 14.9 მლნ კუბ.მ

მთლიანობაში ბაზრისთვის 2021 წელს შიდა მიწოდება 2.55 მლრდ კუბ/მეტრი იყო და აქედან უდიდესი წილი - 2.53 მლრდ კუბ/მეტრი საქართველომ იმპორტით მიიღო, ძირითადად, აზერბაიჯანიდან.

გაზრდილი იყო ნავთობის მიწოდებაში შიდა წარმოების წილიც. 2021 წელს ნავთობის მიწოდებაში შიდა წარმოება 44.6 ათასი ტონა იყო. წლურად ზრდა 26%-ია, თუმცა ასეთი ზრდის მიუხედავად მთლიანი წლიური მოხმარებაში შიდა მოპოვება მხოლოდ 3%-ს იკავებს. 2021 წელს 1.45 მლნ ტონა ნავთობის და ნავთობპროდუქტების შიდა მიწოდება განხორციელდა.

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების ბალანსში შიდა წარმოების მოცულობა

• 2018 წელი - 21.3 ათასი ტონა
• 2019 წელი - 31.8 ათასი ტონა
• 2020 წელი - 35.5 ათასი ტონა
• 2021 წელი - 44.6 ათასი ტონა

აღსანიშნავია, რომ წელს 2 თვეში 2 500 ტონა ნავთობის მიწოდება მოხდა.

bm.ge
| Print |