ეკონომიკა
მსოფლიოში ნავთობი ისევ ძვირდება
მსოფლიო ბაზრებზე საწვავის ფასი ისევ იზრდება. თბილისის დროით 10:30 საათზე, ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ტიპის საწვავის ფასმა ბარელზე 111,4 დოლარს გადააჭარბა. ამასთან, იზრდება ფასი ამერიკულ ნედლ ნავთობზე. WTI-ის ტიპის საწვავი 108,7 დოლარი ღირს. არადა, რამდენიმე დღის წინ როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავის ფასი 100 დოლარზე ნაკლებადაც კი ივაჭრებოდა.

მსოფლიოში საწვავის გაძვირება ევროსაბჭოს მიერ რუსულ ნავთობზე ემბარგოს შესაძლო დაწესება განაპირობებს. ახლა მოვაჭრეების ყურადღების ცენტრშია OPEC+-ის შეხვედრა, რომლის შედეგადაც მოსალოდნელია გადაწყვეტილება წარმოების მცირე მოცულობით ზრდის შესახებ.

OPEC+-ის ტექნიკური კომიტეტის ექსპერტებმა რეკომენდაცია გაუწიეს ალიანსის გეგმის დაცვას ივნისში ნავთობის მოპოვების კვოტის დღეში 432 ათასი ბარელით გაზრდის შესახებ.

როგორც ამ დღეებში ევროკომისიის დირექტორმა, ურსულა ფონ დერ ლაიეკმა განაცხადა, ევროკომისია, რომელიც ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს, აუცილებლად მიიჩნევს, ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული გაზის იმპორტის აკრძალვას.

Bloomberg-ი წერს, ევროპულმა ქვეყნებმა შეიძლება, აუკრძალონ თავის კომპანიებს რუსეთისთვის ნავთობის ტრანსპორტირების მომსახურება, მათ შორის, საუბარია სადაზღვევო მომსახურებაზეც.
| Print |