ეკონომიკა
„ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი“
ქვეყანაში ხორბლის 10 დღის მარაგია დარჩენილი,“ - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო თვეებია ქვეყანაში ხორბალი მინიმალური რაოდენობით შემოდიოდა და შედეგად წისქვილები გაჩერებულია. მისივე თქმით, ხორბლის იმპორტიდან ფქვილზე გადართვა საიმპორტო გადასახადის სხვაობამ განაპირობა.

„სამწუხაროდ, ხორბლის მარაგები მინიმალურია, დაახლოებით 10 დღის მარაგია დარჩენილი და უახლოეს რამდენიმე დღეში ის სამი წისქვილიც გაჩერდება, რომელიც მუშაობდა“,- აცხადებს სილაგავა.

მისი თქმით, ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს, რადგან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა და წისქვილკომბინატებში დასაქმებული ადამიანები სამსახურს კარგავენ.

„თვეების განმავლობაში ვმუშაობდით სამუშაო ჯგუფში, რომელშიც შედიოდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები. გვქონდა წარდგენილი წინადადებები საგადასახადო რეჟიმების შეცვლასთან დაკავშირებით, რომლითაც ჩვენი აზრით გაუმჯობესდება სიტუაცია, თუმცა იყო აზრთა სხვადასხვაობა, შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. ახლა წერილი შევიტანეთ პრემიერ-მინისტრთან. ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრა და ჩვენი წინადადების დაყენებაა, რადგან გადამწყვეტი სიტყვა პრემიერის არის“,- აცხადებს სილაგავა.

2022 წლის მარტში საქართველოში ხორბლის იმპორტი ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო. მარტში ქვეყანაში 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა (3,197 მლნ დოლარი), ეს კი 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან მარტში საქართველოში 22 920 ტონა ხორბალი შემოვიდა (5,303 მლნ დოლარის ღირებულების). რაც შეეხება იანვარ-მარტს, პირველ კვარტალში ხორბლის იმპორტმა შეადგინა 33 507 ტონა (10,617 მლნ დოლარის ღირებულების), 2021 წლის 3 თვეში კი 90 195 ტონა ხორბალი შემოვიდა (21,226 მლნ დოლარის ღირებულების).

სამაგიეროდ, თითქმის 11-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. 2022 წლის მარტში ქვეყანამ 8 724 ტონა ფქვილი იყიდა, ჯამში 2,589 მლნ დოლარის ღირებულების, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი პროდუქტის იმპორტმა შეადგენდა 806 ტონა - 241,7 ათას დოლარი. 2022 წლის იანვარ-მარტში კი ქვეყანაში შემოვიდა 31 782 ტონა (10,322 მლნ დოლარის ღირებულების) ფქვილი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 127 ტონა (916 ათასი დოლარის ღირებულების).
| Print |