ეკონომიკა
რომელი პროდუქტის ექსპორტი აკრძალეს ან შეზღუდეს ქვეყნებმა უკრაინის ომის გამო
მსოფლიოში ხორბლის მეორე უმსხვილესმა მწარმოებელმა, ინდოეთმა მაისის შუა რიცხვებში, ექსპორტზე შეზღუდვები დააწესა. ქვეყანაში გვალვის შედეგად ხორბლის მოსავლიანობის 15-20%-იანი შემცირებაა მოსალოდნელი, ამ მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვამ კი ისედაც მკვეთრად გაძვირებული საკვები პროდუქტების ფასები კიდევ უფრო გაზარდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდეც საკვების ფასები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევდა საწვავისა და ენერგიის გაძვირების, გვალვებისა და კორონავირუსის პანდემიის ეფექტების შედეგად. ორივე ქვეყანა ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელია, ომის შედეგად კი ფასები რეკორდულ ნიშნულებს მიუახლოვდა.

ეკონომიკური სანქციების ზრდისა და ომის გაჭიანურების თანადროულად, გლობალურ ბაზარზე პროდუქტები სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება. ქვეყნებიც შიდა ბაზარზე ფასების შესამცირებლად, სხვა ქვეყნებისთვის პროდუქციის მიყიდვის შეზღუდვაზე ფიქრობენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ქვეყნების სიას, რომლებმაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის ექსპორტი აკრძალეს ან მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.

· ინდოეთი - ხორბალი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· უკრაინა - შვრია, ფეტვი, წიწიბურა, შაქარი, მარილი, ხორცი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე. საექსპორტო ლიცენზიები დაწესდა ხორბალზე, სიმინდსა და მზესუმზირის ზეთზეც.

· რუსეთი - შაქარი და მზესუმზირის თესლი - 2022 წლის 31 აგვისტომდე. ხორბალი, მესლინი, ჭვავი, ქერი და სიმინდი - 2022 წლის 30 ივნისამდე.

· არგენტინა - სოიოს ზეთი, სოიოს ფქვილი - 2023 წლის 31 დეკემბრამდე.

· ალჟირი - პასტა, ზეთი, შაქარი, ხორბლის ნაწარმი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· ეგვიპტე - მცენარეული ზეთი და სიმინდი - 2022 წლის 12 ივნისამდე. ფქვილი, ხორბალი, პასტა და ლობიო - 2022 წლის 10 ივისამდე;

· ინდონეზია - პალმის ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· ირანი - კარტოფილი, ბადრიჯანი, პამიდორი, ხახვი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· ყაზახეთი - ხორბალი, ხორბლის ფქვილი - 2022 წლის 31 ივნისამდე;

· კოსოვო - ხორბალი, სიმინდი, ფქვილი, ზეთი, მარილი, შაქარი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· თურქეთი - საქონლის, ცხვრის და თხის ხორცი, კარაქი, ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· სერბეთი - ხორბალი, სიმინდი, ფქვილი, ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· ტუნისი - ხილი, ბოსტნეული - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

· ქუვეითი - ქათმის ხორცი, მარცვლეული, ბოსტნეულის ზეთი - 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

| Print |