ეკონომიკა
საქართველოში მოქმედმა ყველა დიდმა წისქვილკომბინატმა მუშაობა შეაჩერა - ლევან სილაგავა
„ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვილკომბინატი გაჩერებულია" - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ლევან სილაგავა ამბობს, რომ ასოციაციამ სახელმწიფოს დამაბალანსებელი გადასახადის დაწესება შესთავაზა, რაც წისქვილების ფუნქციონირების აღდგენას უზრუნველყოფს. პასუხს კი, ერთი კვირის ვადაში ელოდებიან.

„ამ დროისთვის უკვე ყველა დიდი წისქვილკომბინატი გაჩერებულია. მთავრობასთან გვაქვს მოლაპარაკებები და თუ რამე შედეგი იქნება, უნდა იყოს უახლოეს ერთ კვირაში. ამ დროში გადაწყდება, მოვახერხებთ თუ არა ფუნქციონირების გაგრძელებას. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი წინადადება დამაბალანსებელი გადასახადია და არცერთ შემთხვევაში, ჩვენ არ ვითხოვთ პურის გაძვირებას. მეტიც, ავიღებთ სოციალურ პასუხისმგებლობას, თვეში 10 000 ტონა ფქვილი, ანუ ის რაც სოციალური პურის წარმოებისთვისაა საჭირო პურის ქარხნებს მივაწოდოთ ფიქსირებულ ფასად. დანარჩენი კი, იქნება თავისუფალი ბაზარი და კონკურენცია. ჩვენი მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტორი მარტივია, მაშინ, როცა პურზეც და ფქვილზე გადასახადი ნულოვანი იყო, 97% ფქვილი ბაზარზე ადგილობრივად წარმოებული იყო და ახლა, ხორბალი საქართველოში აღარ შემოდის, შესაბამისად, არც ფქვილი იწარმოება. ველოდებით შედეგს“, - აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, როგორიც უნდა იყოს ადგილობრივი მოსავალი, იმპორტირებული ხორბლის გარეშე წისქვილები მუშაობას ვერ განაახლებენ.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამბობს, რომ ადგილობრივი ხორბლის კარგ მოსავალს ელოდებიან, თუმცა თუ არ გვექნება გაწერილი გეგმა, მხოლოდ ადგილობრივი მოსავალი ვერ აწევს სიმძლავრეებს, რაც დიდ წისქვილებს სჭირდებათ. მით უფრო, რომ ალოობის შემდეგ ხორბალი ერთიანად არ იფქვება და ფერმერები ინახავენ სხვა სეზონისთვის, როცა ფასი მეტია. ასეთია ქართული და საერთაშორისო პრაქტიკაც“, - ამბობს სილაგავა „ბიზნესპრესნიუსთან“.
| Print |