ეკონომიკა
საქართველოში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია - ,,ბარაქა“
ქვეყანაში, ყველა დიდი წისქვილი გაჩერებულია და ბაზარი სრულად გადართულია რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზე. ამის შესახებ წისქვილკომბინატ ,,ბარაქას“ დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში მხოლოდ ერთი კვირის ხორბლის მარაგია.

„ჩვენ ყოველკვირეული ურთიერთობა მაინც გვაქვს ყველა დიდ წისქვილთან. ახლა, ქვეყანაში ხორბლის მარაგი 10 000 ტონას არ აღემატება, რაც ერთი კვირის მარაგია. რომელიც კერძო კომპანიებშია და ამოწურვადია. რეალურად, მეტი მარაგი სახელმწიფოში არ არსებობს, ხორბლის მარაგს რასაც ეძახიან, ეს გვაქვს მოსავალში, რომელიც დაახლოებით იქნება 150 000 ტონის ფარგლებში. აქედან, ყველა არ გამოდგება გადასამუშავებლად ფქვილისთვის, რაღაც რაოდენობა ცხოველური წარმოებისთვისაა" -  აცხადებს ბიძინაშვილი. 

მისივე თქმით, მათი ორგანიზაცია ჰოლდინგურია, დასავლეთში პურის ქარხანა და კახეთში სპეც.ტექნიკა აქვთ, რომელიც  თესვიდან-მოყვანამდე და დაბინავებამდე მთლიან ციკლს უზრუნველყოფს. აქედან გამომდინარე, კომპანიას ურთიერთობა სრულ ჯაჭვთან აქვს. გარდა ამისა, პრობლემაა ხორბლის გადამუშავების საკითხიც.

"ტექნიკურად რომ ავიღოთ, წისქვილკომბინატების მუშაობა არ არის ასე, რომ ღილაკს თითი დააჭირო, ჩართო და გამორთო. ჩვენი ყოფილი თანამშრომლების დაახლოებით 30%-თან კონტაქტზეც ვეღარ გავდივართ. ზოგი, საერთოდ ქვეყნის გარეთ გავიდა სამუშაოდ, ზოგი სხვაგან დასაქმდა და ცხადია, მათი მობილიზება არ არის მარტივი. თვენახევარი მაინც დასჭირდება წისქვილის თავიდან ჩართვას, მაშინ როცა, საქართველოს ხორბლის სრული მოსავალი, წისქვილისთვის 2 თვის გადასამუშავებელია. შესაბამისად, მე გარანტიას გაძლევთ, ვერცერთი დიდი წისქვილი ვერ დაიწყებს საწარმოო პროცესს. ამასთან, ბევრი ნიუანსია, თუ არ მოხდა შერევა სხვა რუსული, ან ყაზახური ხორბლის, ვერ მოხდება დაფქვა, რადგან შემდეგ ცხობაშია პრობლემები და ა.შ.“, - განაცხადა ბარაქას დირექტორმა.

bpn.ge
| Print |