ეკონომიკა
აგვისტოდან, ულიმიტო ინტერნეტის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება - გიორგი კეპულაძე
მაგთიმ და სილქნეტმა საკუთარ მომხმარებლებს სატარიფო პირობების ცვლილებების შესახებ აცნობეს. კომპანიის ვებგვერდების თანახმად, ცვლილება შეეხება როგორც მობილურ აბონენტებს, ასევე ფიქსირებული ინტერნეტისა და ტელევიზიის მომხმარებლებს.

რიგ შემთხვევაში ტარიფები იზრდება, ზოგიერთი პაკეტის შემთხვევაში კი კონკრეტული შეთავაზება უქმდება ან/და იცვლება. 

აღნიშნულ ცვლილებებს ეკონომიკური მიმომხილველი გიორგი კეპულაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

,,მაგთიმ და სილქნეტმა უცებ, ერთად, ერთ დღეს გადაწყვიტეს ტარიფის ზრდა. აგვისტოდან, ულიმიტო ინტერნეტის ფასი შარშანდელთან შედარებით თითქმის ორმაგდება. სახეზეა კლასიკური ოლიგოპოლია, რომელიც მესამე ათწლეულია გრძელდება და მას ბაზარზე მესამე კომპანიის შემოსვლამაც ვერ უშველა. უნდა დაგვისაბუთოთ მომხმარებლებს, რატომ იზრდება ტარიფები და ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით არა, რომ საწვავის ფასი გაიზარდა და მაღალი ინფლაციაა, არამედ მოგების და შემოსავლების ანალიზის საფუძველზე, განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებაში.

კომუნიკაციების კომისია, რეგულატორის არსებობა მონოპოლიების/ოლიგოპოლიების საპასუხოდ გვჭირდება და არა იმისთვის, რომ საშუალოზე გაცილებით მაღალი ხელფასები ვუხადოთ საჯარო მოხელეები".

ახალი ტარიფები 2022 წლის 3 აგვისტოდან ამოქმედდება. ტარიფები იზრდება შემდეგ მობილურ მომსახურებებზე.

ულიმიტო ინტერნეტი, სტანდარტული ტარიფი, ფიქსირებული ინტერნეტი - ოპტიკური ინტერნეტი, ინტერნეტი + ტელევიზია, ტარიფები - უფრო სწრაფი ინტერნეტი.
| Print |