ეკონომიკა
2002 წლის შემდეგ, ევრო დოლართან მიმართებით ყველაზე მკვეთრად გაუფასურდა
ევროკავშირის ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ მკვეთრად უფასურდება და მისი კურსი 20-წლიან მინიმუმზეა. ახლანდელი მდგომარეობით, ერთი ევროთი 1.017 დოლარის ყიდვაა შესაძლებელი.

ევროს გაუფასურებას მსოფლიოში რეცესიის მოლოდინი, ინფლაცია, გაზის ფასების ზრდა და ომის გაჭიანურება განაპირობებს. გაფიცვებმა ნორვეგიაში და რუსეთიდან მიწოდების შეწყვეტის საფრთხემ ევროზე ნეგატიურად იმოქმედა. წლის დასაწყისიდან დღემდე ვალუტა 9%-ითაა გაუფასურებული.

ევროსგან განსხვავებით მყარდება დოლარი. დოლარის ინდექსი, რომელიც 6 უცხოური ვალუტის (ფუნტი, ევრო, ფრანკი, იენი, კანადური დოლარი, კრონა) მიმართ დოლარის კურსს ასახავს, 2002 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა გაზრდილი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი თითქმის 10%-ით.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ევროსა და დოლარს შორის პარიტეტი (მდგომარეობა, როცა 1 დოლარით 1 ევროს ყიდვაა შესაძლებელი და პირიქით) მხოლოდ დროის ამბავია იმ პირობებში, როცა ევროპული ეკონომიკები მაღალ ინფლაციას ებრძვიან, შრომით ბაზრებზე არეულობაა და ვერც ენერგოსექტორი გამოირჩევა მდგრადობით.

რეცესიის მზარდი საფრთხე უკვე ნავთობის ფასებზეც აისახა და ორი თვის განმავლობაში პირველად ნედლი ნავთობის ფასები ბარელზე 100 დოლარს ჩამოსცდა. კვლავ მერყევი მდგომარეობაა აქციების სავაჭრო ბირჟაზეც.

bpn.ge
| Print |