ეკონომიკა
რატომ არ იაფდება საწვავი საქართველოში?
ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასი ლონდონის ICE ბირჟაზე პირველად 21 თებერვლის შემდეგ 95 დოლარს ჩამოსცდა. საუბარია, სექტემბერში მიწოდების კონტრაქტებზე.

გუშინ დღის განმავლობაში Brent-მა ღირებულების 5,09% დაკარგა და ერთ ბარელზე 94,5 დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ მან კლება შეაჩერა და ისევ მატებაში წავიდა. რაც შეეხება ამერიკულ WTI მარკის ნავთობს, ის 4,1%-ით გაიაფდა 92,35 დოლარამდე ბარელზე.

ექსპერტების განცხადებით, ფასის კლება გამოიწვია თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გაკეთებულმა განცხადებამ, რომ აშშ 2023 წლისთვის ნავთობის მოპოვების ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდება და ამისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ზრდის შავი ოქროს მოპოვებას.

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი მცირდება, საქართველოში საწვავის ფასები მაინც ძალიან მაღალია - 1 ლიტრი "სუპერის" ფასია 4,15-4,25 ლარი, "პრემიუმის" - 3,7-4,2 ლარი, "რეგულარის" - 3,7-3,8 ლარი, ხოლო ევროდიზელისა - 4,7-4,8 ლარი (ფასები მერყეობს კომპანიების მიხედვით). ცხადია, ეს აისახება სამომხმარებლო ფასებზეც და მოსახლეობის მძაფრ უკმაყოფილებას იწვევს. მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენცია რისი მაჩვენებელია და რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ეკონომიკის პროფესორ სოსო არჩვაძეს ესაუბრა.

- საქართველოში ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ცვლილება, შეიძლება ითქვას, ძირითადად ემთხვევა იმ მსოფლიო ტრენდს, რომელიც მსოფლიო ბაზარზე ყალიბდება. ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად კოპირებულია, თუმცა ტენდენცია ასეთია. სამწუხაროდ, საქართველო ვერ აწარმოებს დიდი რაოდენობით ნავთობს, აბსტრაგირებას თუ მოვახდენთ და ჩვენს მოხმარებას ავიღებთ მთლიანობაში, ადგილობრივი წარმოება იმდენია, ახალი წლიდან, 1-ლი იანვრიდან რომ დავიწყოთ მისი გამოყენება, შობამდე შეიძლება არ გვეყოს. ამიტომაც ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ამ მხრივ ბაზარი საკმაოდ სტრუქტურირებულია, დივერსიფიცირებული და ნავთობის მომწოდებლების არჩევის უფრო ფართო საშუალება გვაქვს, ვიდრე ბუნებრივი აირის ხაზისა. აქ არიან როგორც ჩვენი უშუალო მეზობლები, ასევე გაცილებით შორეული ქვეყნები, რომლებთანაც პირდაპირი სახმელეთო კავშირი არა გვაქვს.
| Print |