ეკონომიკა
რუსეთიდან საქართველოში გადარიცხვებმა „ისტორიული რეკორდი“ დაამყარა
რუსეთიდან საქართველოში გადარიცხვების მოცულობამ „ისტორიული რეკორდი“ დაამყარა, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყანაში რუსების მიგრაციაა. ამის შესახებ „კომერსანტი“ წერს. გამოცემის მონაცემებით, მარტის 27 მლნ დოლარიდან, რაც მთლიანი გადარიცხვების 14%-ს შეადგენდა, გადარიცხვების მოცულობა მაისში 313 მლნ დოლარამდე, 62%-მდე გაიზარდა, ხოლო ივნისში ნაკადი ოდნავ შემცირდა და 231 მლნ დოლარი, ანუ 54% შეადგინა. თუმცა ივნისის მაჩვენებელი შარშანდელზე რამდენიმე დონით მაღლა დარჩა.

კომპანია Unistream-ის მონაცემებით, ივნის-ივლისში მათი სერვისით მეზობელ ქვეყნებში ფულადი გზავნილების მოცულობა 5,3-ჯერ გაიზარდა: „გადარიცხვების რაოდენობამ 1,23 მილიონ ოპერაციას გადააჭარბა და უმეტესი ნაწილი საქართველოში, სომხეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში განხორციელდა.“

ზოგადად, დსთ-ის წევრ და არაწევრ ქვეყნებში რუსეთიდან ფულადი გზავნილების პიკი მაისში დაფიქსირდა და საქართველოს გარდა, ზოგიერთ სხვა სახელმწიფოშიც ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. „კომერსანტი“ წერს, რომ თუ შუა აზიის ქვეყნებში სახსრების ნაკადის ზრდა რუსების მიერ საერთაშორისო საგადახდო სისტემების ანგარიშებისა და ბარათების გახსნასთან არის დაკავშირებული, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ფულადი გზავნილების პიკი, ძირითადად, მიგრაციით აიხსნება. თუმცა ბაზრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ტრანსსასაზღვრო ტრანსფერების ბუმი უკვე იკლებს და მომავალში მოცულობები წინა წლების საშუალო მაჩვენებელს დაუბრუნდება.

დაკვირვების მთელ ისტორიაში აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა სომხეთშიც, სადაც მაისში რუსეთიდან 266 მლნ დოლარი გადაირიცხა, მაშინ, როცა მარტში ეს მაჩვენებელი 115 მლნ დოლარს შეადგენდა. რუსეთიდან ფულადი გზავნილების წინა რეკორდი, 194 მლნ დოლარი, 2013 წლის ივლისში დაფიქსირდა.

თუ მარტში რუსეთიდან ყაზახეთში ტრანსფერები მთლიანი გადარიცხვების მხოლოდ 17,8%-ს, ანუ 9,5 მლნ დოლარს შეადგენდა, მაისში ის 66%-მდე, 94,6 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ყირგიზეთში გადარიცხვები მარტის 139,6 მილიონიდან (91%) მაისში 245,6 მლნ დოლარამდე, ანუ 95,5%-მდე გაიზარდა. თუმცა ამ შემთხვევაში მარტის დაცემის შემდეგ მაჩვენებელი საშუალო დონეს დაუბრუნდა.

გასული კვირის ბოლოს უზბეკეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ, მამარიზო ნურმურატოვმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ქვეყანაში შესულმა რუბლებმა წლის პირველი ნახევრისთვის მთლიანი გადარიცხვების 3,1%, ანუ, დაახლოებით, 200 მლნ დოლარის ექვივალენტი მოცულობა შეადგინა. მისი განმარტებით, 1-ლი ივლისის მდგომარეობით უზბეკეთის ბანკებში რუსეთის მოქალაქეების საანგარიშსწორებო ანგარიშებზე 115 მლნ დოლარი იყო განთავსებული. უფრო მეტიც, მეორე კვარტალში არარეზიდენტთა საანგარიშსწორებო ანგარიშების რაოდენობა ადგილობრივ ბანკებში 38,5%-ით, 169 ათას ცალამდე გაიზარდა, მათ შორის 90 ათასი ანგარიში Visa-ს და Mastercard-ის სავალუტო ბარათებზე გაიხსნა.

რუსეთის ბანკს ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების შესახებ მონაცემები აპრილის შემდეგ არ გამოუქვეყნებია.

| Print |