ეკონომიკა
რა ღირს საწვავი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში?
მას შემდეგ, რაც ნედლის ნავთობის ფასმა ბარელზე 120-ს დოლარს მიაღწია, ფასი თანდათან შემცირდა. დღეისთვის Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 98 დოლარამდეა, WTI-ის ტიპისა კი 92 დოლარამდე.

მიუხედავად ამ შემცირებისა, ბაზარზე ფასები მერყეობას ინარჩუნებს. ნავთობის ფასის კლება-ზრდის პარალელურად, მერყევია საწვავის ფასებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

რაც შეეხება საქართველოს, 9 აგვისტოსთვის ქვეყნის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის (ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ამ ტიპის ბენზინია) ბენზინის საშუალო ფასი 3.68 ლარია, დიზელის კი – 4.55 ლარი.

თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოდის, რომ საწვავი ყველაზე ძვირი მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში ღირს. მართალია, აზერბაიჯანი და რუსეთი მწარმოებელი ქვეყნები არიან, თუმცა საწვავი საქართველოზე იაფია არამწარმოებელ თურქეთსა და სომხეთშიც.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის მთავარი შემომტანი წელს რუსეთი გახდა. 2021 წელს პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა მიმდინარე წელს საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. ტოპ 5 იმპორტიორ ქვეყანაში შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და აზერბაიჯანიც.

საწვავის ფასზე საქართველოში გავლენას დიდწილად აქციზისა და დღგ-ს გადასახადებიც ახდენს. ბენზინზე აქციზის გადასახადი საქართველოში 2017 წლიდან გაორმაგდა. ამ წლამდე აქციზი ტონაზე 250 ლარს შეადგენდა, 1-ლი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტრზე აქციზის გადასახადი დღეს შეადგენს 38 თეთრს, 2017 წლამდე კი 19 თეთრი იყო. დამატებითი ღირებულების გადასახადი საქართველოში 18%-ია.

bpn.ge
| Print |