ეკონომიკა
290 ლარი 1 დოლარის ნაცვლად - რა თანხა გადმორიცხეს ქართველმა მომხმარებლებმა ბანკებში Coinbase-დან
სულ რაღაც ერთი დღით, 30 აგვისტოს კრიპტობირჟა Coinbase-ზე 1 დოლარის ღირებულება 2.90 ლარის ნაცვლად 290 ლარი გახდა. შესაბამისად, Bitcoin-ის ფასმა 5 მილიონ ლარს მიაღწია, Ethereum-ის ფასმა კი 450 ათასს გადააჭარბა და იმ მომხმარებლებს, რომლებიც სწორედ ამ პლატფორმაზე ინახავდნენ საკუთარი კრიპტოვალუტების მარაგს, აქტივების ღირებულება საგრძნობლად გაეზარდათ.

Facebook-ზე კრიპტოჯგუფების წევრები აქტიურად წერენ, რომ ამ შემთხვევით ქართველმა მომხმარებლებმა ისარგებლეს და აქტივები გაყიდეს და ლარში გაზრდილი ღირებულებით გადაიტანეს. გადმორიცხული თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა, როგორც ჯგუფებში წერენ, შესაძლოა, მილიონ ლარსაც კი აღემატებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ Coinbase-ის პლატფორმიდან ხალხმა თანხის გადმორიცხვა შეძლო, მალევე ქართული ბანკებისგან მიიღეს შეტყობინება, რომ ტრანზაქცია საეჭვოდ იქნა მიჩნეული და უნდა გაითვალისწინონ, რომ შესაძლოა, Coinbase-მა თანხის უკან დაბრუნება მოითხოვოს.

ქართულმა ბანკებმა ტრანზაქციები, ანგარიშები, ანაბრები თუ ბარათები გაყინეს და მომხმარებლებს საკუთარ საბანკო აქტივებზე წვდომა აღარ აქვთ. არიან ისეთებიც, ვინც განაღდება შეძლო, თუმცა განაღდებული თანხა ანგარიშზე წინ მინუს ნიშნით ან სესხის სახით აესახათ.

ჯგუფებში იმასაც წერენ, რომ ბანკებმა Coinbase-ს ფული უკვე უკან გადაურიცხეს და ანგარიშებზე მინუსით ასახული თანხებიც მალე განულდება.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში ამბობენ, რომ როდესაც სტანდარტული გადარიცხვების მიღმა, გარკვეული მიმართულებით, ტენდენციიდან ამოვარდნილი დიდი ოდენობით ტრანზაქციები ფიქსირდება, აუცილებელია, რომ უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, ეს ტრანზაქციები შეჩერდეს.

Coinbase-ს ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, მომხმარებელთა ნაწილი კი აპირებს სასამართლოს მიმართოს და მიაჩნიათ, რომ გადარიცხვები ვირტუალური ვაჭრობის ყველა წესის დაცვით იყო განხორციელებული.
| Print |