ეკონომიკა
საწვავი სექტემბერშიც უნდა გაიაფდეს – კონკურენციის სააგენტო
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძის თქმით, სექტემბერში საქართველოში საავტომობილო საწვავი მომხმარებლისთვის უნდა გაიაფდეს. მისივე განცხადებით, 2022 წლის მარტი-აპრილისა და ივნის-ივლისის პერიოდებში, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია იყო; საქართველოში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია შეინიშნებოდა და ქვეყანაში გაიაფებული საწვავი შემოედინებოდა, „ეს ყველაფერი სათანადო დროში შესაბამისად არ აისახა მომხმარებლისთვის ფასებზე“.

ამის გამო, ლექვინაძის თქმით, კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო, „იყო თუ არა ეს არაკეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებული“, 2021 წელს ბაზრის კონკურენტულობასთან დაკავშირებით პრობლემები არ ფიქსირდებოდა, 2022 წელს ბაზარზე განსხვავებული ქცევა შეინიშნებოდა:

„გაჩნდა იაფი წყარო, – ძირითადად რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი, – რომელიც აპრილ-მარტში ხასიათდებოდა საკმაოდ მაღალი მარჟით. ამასთანავე, ევროპიდან, კონკრეტულად რუმინეთიდან, იმპორტის შემთხვევაში, საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებთან ხდებოდა საწვავის გაყიდვა დაახლოებით 40-50 თეთრით უფრო იაფად, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა საწვავის შეტანა“, – განაცხადა ლექვინაძემ.

კონკურენციის სააგენტოს უფროსის განცხადებით, 2022 წლის ივნის-ივლისშიც მსგავსი რამ დაფიქსირდა, თუმცა, უფრო მწვავედ: „კერძოდ, რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში მარჟები იყო მნიშვნელოვნად გაზრდილი – 78-80 თეთრის ფარგლებში“.

ლექვინაძის თქმითვე, დასახელებული თვეებისგან განსხვავებით, აგვისტო გამოირჩეოდა ფასების კლების ტენდენციით – „ყველა ტიპის საწვავზე 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა“.

„სექტემბერში პირველი შემცირება ფიქსირდება – რამდენიმე კომპანიას აქვს შემცირებული დაახლოებით 5 თეთრით, მაგრამ ჩვენი მოლოდინია, რომ ფასები კიდევ უნდა შემცირდეს“, – განაცხადა ლექვინაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ამის თქმის საფუძველს სააგენტოს აძლევს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის (ბრენტის) ფასი, რაც 90 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დოლარის კურსი სტაბილურად მერყეობს 2.8-2.9 ლარის შუალედში.
| Print |