კვალიფიციური სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტია - ეკონომიკის მინისტრი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, დღეს კვალიფიციური სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიზნით კერძო სექტორთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ბიზნეს ასოციაციის მოსაზრება იყო, რომ დღეს საკმარისი მუშახელი არ არის, მათ შორის არ არის კვალიფიციური მუშახელი. არათუ ადამიანი უნდა მიდიოდეს ქვეყნიდან, პირიქით, ადგილზე არის მუშახელის დეფიციტი. საუბარია იმაზე, რომ უნარები უნდა გაიზარდოს და ეს როგორ მოხდეს, სწორედ ამაზე ვმსჯელობთ, ეს უნდა იყოს კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის საგანი. ჩვენ ამ სექტორთან მუდმივი დიალოგი და კომუნიკაცია გვაქვს.
ჩვენი სამინისტრო მშენებლობის მიმართულებით პოლიტიკას აყალიბებს, მუდმივი კავშირი და კომუნიკაცია გვაქვს. საქართველოდან წასული მოქალაქეები, რომლებმაც კვალიფიკაცია იგივე სამშენებლო სექტორში სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინეს, დღეს ბრუნდებიან იმიტომ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ამ სექტორის ხელფასები. თუმცა, ჩვენ პრობლემებს თვალს ვუსწორებთ, პრობლემა ბევრია“- განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სამუშაო ძალის ნაკლებობაზე და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.
„კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ჩვენი ბიზნესი წლებია განიცდის და საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ეს არის. სწორედ ამიტომ, განათლების კომპლექსურ რეფორმას, რომელიც ქვეყანაში დაიწყო, ძალიან დიდი აქცენტები აქვს პროფესიულ განათლებაზე გაკეთებული და უფრო პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რაც კერძო სექტორს სჭირდება.
ვფიქრობ, ეს უნდა გაგრძელდეს. პრემიერს ჰქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივები განათლების სამინისტროსთან და ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ეს დამატებით სტიმულს მისცემს ამ მიმართულების წარმატებით განხორციელებას. თუმცა, დაწყებულია პროფესიული განათლების ის რეფორმა, რომელიც დუალური განათლების ელემენტებს მოიცავს. ასევე ის, რომ პროფესიული განათლება დღეს აღარ იქნება ჩიხი, არამედ იქნება შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, რომ მათ კარიერა სწორად დაგეგმონ, განავითარონ თავიანთი უნარები და მიღებული ცოდნა უმაღლეს განათლებაში გამოიყენონ“, - განაცხადა დავითაშვილმა.